“ვხედავთ მზარდ ინტერესს საქართველოსადმი” – მიხეილ ხიდურელი

23
spot_img

ძირითადი სექტორები, რომელშიც საუდის არაბეთის ბიზნესმენები დებენ ფულს, ჩვენს პრიორიტეტებს ემთხვევა, ესაა: უძრავი ქონება, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, ტრანსპორტი, ენერგეტიკა – ვხედავთ მზარდ ინტერესს საქართველოსადმი,- ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა თბილისში მიმდინარე საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეისთვის საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიცია მხოლოდ 100 მლნ ამერიკული დოლარია, ამიტომ „ძალიან მსხვილი და დივერსიფიცირებული ბიზნესფორუმი“ იმართება.

„დღევანდელი მოცემულობით საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში არის დაახლოებით, 100 მლნ ამერიკული დოლარის, რაც ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ისეთი საინვესტიციო პოტენციალი აქვს, როგორიც საუდის არაბეთია, დაბალი რიცხვია, ამიტომ მიმდინარეობს ძალიან მსხვილი და დივერსიფიცირებული ბიზნესფორუმი. ასევე, სტუმრად გვყავს 100-ზე მეტი საუდური კომპანია, რომელსაც დავათვალიერებინეთ სხვადასხვა საწარმო, ტერიტორია და საინვესტიციო შესაძლებლობა. დარწმუნებული ვართ, რომ ღონისძიებები, რომელსაც ვახორციელებთ და ამხელა დელეგაციასთან ერთად ინვესტიციების მინისტრის ვიზიტი, საფუძველს ჩაუყრის იმას, რომ განვითარდეს საქართველოს და საუდის არაბეთის ურთიერთობები. ვხედავთ მზარდ ინტერესს საქართველოსადმი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყურის ქვეყნებიდან ჩამოდიან სხვადასხვა ტიპის ინვესტორები. ემირატებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რამდენიმე მსხვილი პროექტი მუშავდება, ამიტომ ახლა უკვე ვფიქრობთ, რომ საუდის ინვესტორები დაინტერესდებიან საქართველოთი”,- განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

ინფორმაციისთვის, თბილისი საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. ფორუმზე განიხილება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, გაიმართება პანელური დისკუსიები ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

ფორუმზე ორი ქვეყნის წარმომადგენლები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს სოფლის გაცვლიან მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით. საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმის დასასრულს გაიმართება ინტერაქციული სესია ქართველ და საუდელ ბიზნესმენებს შორის, სადაც მათ საშუალება ექნებათ დაამყარონ ბიზნეს კავშირები და გაიცნონ პოტენციური ბიზნეს პარტნიორები.