ვიქტორ ორბანის განცხადებით, მისი მოსკოვში ვიზიტი „დიალოგის აღდგენისთვის პირველ ნაბიჯს“ წარმოადგენს

17
spot_img

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მისი მოსკოვში ვიზიტი „დიალოგის აღდგენისთვის პირველ ნაბიჯს“ წარმოადგენს. ამის შესახებ ორბანმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აღმოვაჩინე, რომ პოზიციები ძალიან დაშორებულია ერთმანეთს. ბევრი ნაბიჯებია საჭირო ომის დასამთავრებლად და მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ „ამ სამუშაოს გააგრძელებს“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ის ორბანის ვიზიტს ევროკავშირის სახელით განხორციელებულ ვიზიტად აღიქვამს.

„როგორც მესმის, ამჯერად ჩამოხვედით არა მხოლოდ როგორც დიდი ხნის პარტნიორი, არამედ როგორც [ევროკავშირის] საბჭოს პრეზიდენტი“, – განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ ის ორბანისგან უკრაინაში არსებულ ვითარებაზე „ევროპელი პარტნიორების პოზიციების“ გაგებას ელის და მზად არის სამშვიდობო წინადადებების ნიუანსებზე ისაუბროს.

ცნობისთვის, ორბანის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ევროკავშირის ინსტიტუტების არაერთმა ლიდერმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ორბანი მოსკოვში როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფება და მას ევროკავშირის მანდატი არ გააჩნია.