ვიქტორ ორბანი ევროკომისიას მოუწოდებს, ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის გაწევრიანების საკითხი ამოიღონ

24
spot_img

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, რადგან ისინი მაინც ჩავარდება.

„პატივისცემით მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო დეკემბერში, ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან კონსენსუსის აშკარა არ არსებობა აუცილებლად გამოიწვევს მარცხს“, – აღნიშნულია ორბანის წერილში.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ორბანი ამ მუქარით ცდილობს, უნგრეთმა გაყინული დახმარება, 27 მილიარდი ევრო მიიღოს.

აღნიშნული თანხა ბრიუსელმა იმ შეშფოთების გამო გაყინა, რომელიც ბლოკში არსებობს ქვეყანაში კორუფციასა და ევროპული დაფინანსების სავარაუდოდ არასწორად გამოყენების გამო.

ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისა და დახმარების საკითხების დაბლოკვის მუქარის გაჟღერების შემდეგ ევროკომისიამ მიანიშნა, რომ შესაძლოა ბუდაპეშტისთვის გამოყოფილი 10 მილიარდი ევრო განბლოკოს.

გერმანელი ევროპარლამენტარი, დანიელ ფროინდი ევროკავშირს მოუწოდებს, ბუდაპეშტს, საჭირო რეფორმების შესრულებამდე, თანხა არ გადაურიცხოს.

„ორბანის მთავრობამ არ შეასრულა საჭირო რეფორმები. ფული არ უნდა შევიდეს. თუ კომისია სხვაგვარად გადაწყვეტს, ეს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო იქნება: ისინი შეეცდებიან დააშოშმინონ ორბანი, რომელმაც ვეტოს მუქარით ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.