“ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, ყველა იქნება სამაგალითოდ დასჯილი” – პრემიერი

75
spot_img

ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციას რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მითუმეტეს როგორც ეს გააკეთეს, ლამის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტეს ამ დესტრუქციულმა, ანარქისტულმა ძალებმა, ყველა ის ადამიანი იქნება სამაგალითოდ დასჯილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიცია და ჯარი არის ხელშეუხებელი.

„ახლა რაც შეეხება თქვენ ახსენეთ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო, ანტი-ეროვნული, ანტი-ქართული, ნეო-ფაშისტური მოვლენა და სრულიად ამორალური, დეგრადირებული ორგანიზაცია, როგორიცაა გირჩი, რომელმაც თუ რაიმე გააკეთა, ყველაფერი იყო ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ჯერ გახსოვთ, რომ მათი მოგონილი იყო ეს ასე ვთქვათ არ მინდა გავიმეორო, მაგრამ ალტერნატიული ეკლესიების დაფუძნება, „გასაბერი ეკლესიები” მოიგონეს, შემდეგ თქვეს, რომ ე.ი. თურმე ფარისევლური რაღაც ვითომ მღვდელმსახურებას ეწეოდნენ და ა.შ. აღარ მინდა ამაზე, საზოგადოებამ კარგად იცის, 10 000 ახალგაზრდა შეაცდინეს რეალურად მათ იმისთვის, რომ არ წასულიყვნენ ჯარში. ამის შემდეგ ეს ადამიანი გახსოვთ, რომ გამოდიოდა ბოლო პერიოდში და ტრენინგებს უტარებდა ახალგაზრდებს, მათ შორის იარაღის სწავლებას და ა.შ. ავალებდა. ამ ადამიანების, 2%-ანი, 1%-ანი პარტიების ნებისმიერი უსუსური მცდელობა დასრულდება სრული კრახით და სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყველა ასეთი შემთხვევის გამოვლინებისას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ესაა დასაგმობი ფაქტი, ამაზე საზოგადოებამ, ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა. ჩვენი პოლიცია, ჩვენი ჯარი არის ხელშეუხებელი, სპეცსამსახურებზე, რომლებიც აძლიერებენ ჩვენს სახელმწიფოს, ვინც მათზე ახორციელებს თავდასხმას, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, მე არ მოვერიდები ამის თქმას,”- განაცხადა პრემიერმა.