ვინც არ არის აცრილი, მოვუწოდებ, რომ ყველამ ჩაიტაროს გრიპის ვაქცინაცია -მაია ჩხაიძე

67
spot_img

„ამჟამად, მომართვიანობა ძირითადად არის რესპირატორული ვირუსების ინფექციების გამო. ყველაზე მეტად გავრცელებულია ამ პერიოდში ა ტიპის გრიპის ვირუსი”, – ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გრიპის ვაქცინაცია ყველამ უნდა ჩაიტაროს.

“სადღაც 40 პაციენტამდე აკითხავს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას 24 საათის განმავლობაში. გრიპის ვირუსის გარდა, საშუალოდ გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობა ახასიათებს 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ბრონხიოლიტის დიაგნოზით. ასეთი პაციენტებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ამავდროულად, არის კოვიდის დადასტურებული შემთხვევებიც, ახლაც ორი ბავშვი გვიწევს, ორ თვემდე ასაკის ბავშვები არიან. არის ადენოვირუსული ინფექციებით მომართვიანობა და ძალიან ხშირია ბინაზე განვითარებული პნევმონია, რომელიც არის გრიპის ერთ-ერთი გართულება. ეწყებათ ხოლმე გრიპის ვირუსული კლინიკით და შემდეგ ხდება პნევმონიის ჩამოყალიბება. ამ ეტაპზე რესპირატორული ინფექციების და პნევმონიის გამო, 45 პაციენტამდე არის ჩვენს კლინიკაში.

ნამდვილად გადატვირთულია ჰოსპიტალური სექტორი, ბავშვთა ხაზით ყოველ შემთხვევაში. მშობლებს ვთხოვდით, რომ ვინც არ ჩაიტარა გრიპის ვაქცინაცია, არ არის გვიან, რადგან პიკი არ არის ჯერ. სასწავლო პროცესი როცა განახლდება, მეტი შემთხვევა და მომართვიანობა იქნება. პიკი, შემთხვევების მატება იქნება სადღაც იანვრისკენ. ამიტომ, ვინც არ არის აცრილი, მოვუწოდებ, რომ ყველამ ჩაიტაროს გრიპის ვაქცინაცია“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.