“ვინ მოიხადა ბოდიში იმ ქალებიდან , რომლებმაც ქალ მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნასთან შეურაცხმყოფელი ბანერი გაუშალეს?”

131
spot_img

„ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

ჩიბურდანიძეს ოპოზიციის მიერ მმართველი გუნდის წევრთა შეურაცხყოფის რამდენიმე მაგალითი მოჰყავს და პრეზიდენტს ეკითხება, მაშინ რატომ არ ჰქონდა მას მსგავს ფაქტებზე რეაქცია.

„საქართველოს პრეზიდენტი გაბრაზდა პარლამენტში ქალი დეპუტატის მიმართ ცუდ მიმართვაზე. დიახ, ეს მიუღებელია ჩვენთვისაც და ამაზე უკვე მოიხადა ბოდიში ირაკლი ბერაიამ. მაგრამ, ვინ მოიხადა ბოდიში ჩემს წინაშე, როდესაც ანა ნაცვლიშვილი სახეში წყალს მასხამდა, ხოლო სალომე სამადაშვილი ტელეფონს მიმტვრევდა ასევე ქალს?

ან ვინ მოიხადა ბოდიში იმ ქალებიდან (თუ ალქაჯებიდან), რომლებმაც ქალ მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნასთან შეურაცხმყოფელი ბანერი გაუშალეს?

პრეზიდენტო, მაშინ რატომ არ დაგმეთ ეს ფაქტები? ჩვენ ქალები არა ვართ? ან რა შუაშია ქალი, შეურაცხყოფა შეურაცხყოფაა. თავად თეონა აქუბარდიამ რა დონის შეურაცხყოფა მიაყენა ირაკლი კობახიძეს თქვენი იმპიჩმენტის დღეს. რატომ არ დაგმეთ ეს იქვე, იმ დარბაზში? ალბათ იმიტომ, რომ ქალური ღირსება თქვენთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ქალებს პოლიტიკური ნიშნით ჰყოფთ.

რაც შეეხება იაგო ხვიჩიას, დღეს რომ პირველი გამოეხმაურა ამ ფაქტს, თეა წულუკიანის უკან გაშლილ უზნეო ბანერთან გაღიმებული იდგა. ეს არის თქვენი „კაცობაც“ და „ქალობაც”.

კიდევ ერთხელ ვგმობ არა მხოლოდ ქალის, არამედ ნებისმიერი პირის მიმართ შეურაცხყოფას, მაგრამ როდესაც პიროვნება ბოდიშს იხდის ამაზე, ესეც აღნიშვნის ღირსია.სწორედ ეს კაცობა არა გაქვთ ოპოზიციას და ვერც გექნებათ ასეთი პოლიტიკის შემოქმედს,” – წერს ჩიბურდანიძე.