“ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება სულ მცირე ისეთივე წარმატებული, როგორც მისი წინამორბედის მთავრობასთან”

31
spot_img

ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მან საქართველოში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ელჩის განმარტებით, იმედი აქვს, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოს მომავალ მთავრობასთან ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წინასთან.

„რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სამთავრობო ცვლილებას. მესმის, რომ ირაკლი კობახიძე ჯერ მხოლოდ წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე და გადაწყვეტილებას პარლამენტი მომავალ კვირაში მიიღებს. ასე რომ, ველოდებით ოფიციალურ წარდგენას პარლამენტის მიერ. უკვე განვაცხადე, რომ ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვქონდა წინა პრემიერ-მინისტრთან და დროებით მთავრობასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება სულ მცირე ისეთივე წარმატებული, როგორც მისი წინამორბედის მთავრობასთან“, – აღნიშნა ელჩმა.