“ვიღაცამ სტატია დაწერა და შემდეგ ადამიანს დამნაშავის იარლიყი აჰკიდო, სწორი არ არის”

181
spot_img

ვიღაცამ სტატია დაწერა და შემდეგ დამნაშავის იარლიყი აჰკიდო ადამიანს, სწორი არ არის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

ჟურნალისტებმა რომან გოცირიძეს კითხვა დაუსვეს „ბიბისის“მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

„არ ვიცი, რა ინფორმაციაა და რა ფილმი გავრცელდა. ასეთი ინფორმაცია თუ არსებობს, როცა მოვიცლი, ბუნებრივია, ვნახავ, არ გამოვტოვებ. ზოგადად, როდესაც ადამიანი რამეში დამნაშავეა, ამას სასამართლო ადგენს. ქართული სასამართლო კი არა, ევროპული. ევროპულ სასამართლოში თუ ვიღაცამ საქმე აღძრა ან ვიღაცას უჩივლა. ევროპული სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლო არ არის. ამიტომ, წინასწარ თქმა, რომ ხომ ხედავთ, ვიღაცამ ეს სტატია დაწერა და მერე დამნაშავის იარლიყი აჰკიდო ადამიანს, სწორი არ არის. ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე თუ ამას რეალური საფუძველი აქვს, საკითხი სასამართლოში გადადის. ასეა მთელ ცივილიზებულ ქვეყნებში. შეიძლება, ჟურნალისტმა დაწეროს არასწორი რაღაც, მეორე მხარემ უჩივლოს და ისიც სასამართლოში წავიდეს. მე რა საკითხზე მეკითხებით, არ ვიცი, მაგრამ „ბიბისის“ დონის ტელევიზიაში ნებისმიერი სიუჟეტი თუ არის შეცდომა და ცილისმწამებლური, ან ბოდიშს მოხდიან, ან სასამართლოში ჯარიმას გადაახდევინებენ. საბოლოო სამართლებრივ შეფასებას მაშინ მივცემ, თუ იქნება სასამართლოს ვერდიქტი. არ არის გამორიცხული, „ბიბისის“ იქით უჩივლონ. უამრავი ასეთი შემთხვევა მომხდარა“, – აღნიშნა გოცირიძემ.

კითხვაზე, „ქოლცენტრების საქმეში კეზერაშვილის კვალს გამორიცხავთ?“ გოცირიძემ განაცხადა:

„საქართველოში რომ კეზერაშვილს ქოლცენტრი დაეფუძნებინა, ეს სუს-მა არ იცოდა? რისი სუს-ია, თუ თვალწინ ჰქონდა უზარმაზარი ქოლცენტრი, სადღაც კორპუსში და ამას საქართველოს მთავრობა, ჩვენი უშიშროება და პოლიცია ვერ ატყობდა? მაშინ ახლავე უნდა წავიდეს ციხეში. ეს ისტორია ხომ ასჯერ გაგიგიათ, რომ თბილისში ქოლცენტრი არსებობდა. სად იყო სუს-ი, შსს? სად არის ერთი მტკიცებულება თბილისში არსებულ ქოლცენტრთან დაკავშირებით რომ ჰქონდეთ კეზერაშვილის საწინააღმდეგოდ, ეს ხელისუფლება ამას დამალავდა?!“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.