„ვიეტნამის ჯუნგლები“ უკრაინაში: „სერებრიანის ტყეში ისეთი ბრძოლებია, რომ იქიდან ცოტა თუ ვინმე გამოდის უვნებელი“

225
spot_img

ნორვეგიული მაღალტირაჟიანი მთავარი გაზეთი „აფტენპოსტენი“ (Aftenposten) აქვეყნებს სტატიას სათაურით „სერებრიანის ტყიდან ცოტა თუ ვინმე გამოდის უვნებელი. ვინ დაიხევს უკან პირველი?“ (ავტორი – პერ-ანდერს იუჰანსენი), რომელშიც უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ხარკოვის ფრონტზე მიმდინარე ბრძოლებია მიმოხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სანამ უკრაინის არმია სამხრეთში, ზაპოროჟიეს ფრონტზე ახალი ძალებით იბრძვის სამთვიანი კონტრშეტევის მთავარი მიზნის მისაღწევად, ჩრდილოეთში, ხარკოვის ფრონტზე რუსეთის არმიამ გასულ თვეში თავისი შეტევა წამოიწყო.

სერებრიანის ტყეში საშინელი ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ მასზე ცოტას წერენ და ლაპარაკობენ. ამ ადგილას რუსები ნელ-ნელა წინ მიდიან, მაგრამ ძალზე სისხლისმღვრელი შეტაკებებით. დონბასის ჩრდილოეთით, ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზე, სამხრეთის სტეპური რეგიონისაგან განსხვავებით, უღრანი ტყეები მდებარეობს, აქ მდინარეები და ჭაობებია.

„ჯოჯოხეთი“ და „ვიეტნამის ჯუნგლები“

უკრაინელი ჯარისკაცები სერებრიანის ტყეს „ჯუნგლებს“ უწოდებენ. სამწუხაროდ, ამ გაუვალ ადგილში ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იღუპება ისე, რომ შემდეგ მათი გვამების დასაფლავებასაც ვერ ახერხებენ. ვინ დაიხევს უკან პირველი?

„ეს ჯოჯოხეთია დედამიწაზე“, – ამბობენ ჯარისკაცები.

„ალბათ, ამ ადგილზე უარესი არსად არ არის. ვერც კი წარმოვიდგენ უფრო საშინელ მდგომარეობას, როგორიც სერებრიანის ტყეშია შექმნილი“, – ამბობს ჩემთან საუბარში უკრაინის არმიის ასეულის მეთაური, მეტსახელად „დაღიანი“, – ჩემი ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობიდან მხოლოდ 30%-ღა დარჩა უვნებელი“.

ზოგიერთი ჯარისკაცი, რომელსაც ბახმუტის (არტემოვსკის – რუს.) ბრძოლებშიც მიუღია მონაწილეობა, ამბობს, რომ საომარი სიტუაცია სერებრიანის ტყეში ბევრად უარესია.

„აქ უკრაინის ვიეტნამია“, – აღიარებენ ისინი. იშვიათად, მაგრამ იგივეს წერს უკრაინის მასმედიაც.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ბრძოლა სტეპში მოგვიწევდა, მაგრამ აქ მოგვიყვანეს. ეს ტყე პირდაპირ ჯუნგლებია. ახლა რომ მშვიდობა იყოს, აქაური ბუნება მიმზიდველი იქნებოდა, მაგრამ ომის დროს აქ ყველაფერი საზარელი ხდება“, – აღნიშნავენ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები.

საზაფხულო კონტრშეტევა თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. უკრაინის არმიამ უკვე მთლიანად ჩააბა საომარ ოპერაციაში თავისი უკანასკნელი რეზერვები. აქვთ თუ არა უკრაინელებს გამარჯვების შანსი? ეს ჯერ არავინ არ იცის.

სერებრიანის ტყეში ბევრ ადგილზე ხანძრებია და ცაში კვამლის ბოლქვები ადის. რუსები უკრაინელების ტყიდან გაძევებას მძიმე მექანიზებული ცეცხლმტყორცნებით ცდილობენ. რუსებს საკმაოდ გამაგრებული პოზიციები აქვთ, ტრანშეებით, საცეცხლე წერტილებით, მიწისქვეშა გვირაბებით. „სერებრიანის ტყეში გვამებისგან ისეთი სუნი დგას, რომ გამოცდილი ჯარისკაცებიც კი ვერ იტანენ“, – წერს ერთ-ერთი სამხედრო ბლოგერი ინტერნეტ-გამოცემაში, – მათ სახე სქელი ქსოვილით აქვთ შეხვეული, გააქტივებულ ნახშირთან ერთად“.

შიშის განცდა „ჯუნგლებში“

როგორც უკრაინელი მებრძოლი, მეტსახელად „ფუგასი“ ამბობს, მებრძოლებს ყველაზე ძალიან მაშინ ეშინიათ, როცა რუსეთის ავიაცია მართვად, პლანირებად ბომბებს ყრის. მათი აფეთქების შემდეგ გიგანტური კრატერები რჩება და ყოველივე ცოცხალი იღუპება.

„მტერი აქტიურად იყენებს პლანირებად ბომბებს. რუსები ზემოდან გვზვერავენ და ჩვენს სამეთაურო პუნქტებს პოულობენ. ისინი დიდი ძალებით გვიტევენ, რიცხობრივი უპირატესობა მათ მხარეზეა“, – ამბობს „ფუგასი“.

სერებრიანის ტყეში დაჭრილების გადარჩენა ძნელად ხერხდება. „უამრავი ამპუტაციის გაკეთება გვიხდება“, – ამბობს სანიტარული ექიმი ალინა, – ევაკუაციაც ძალიან ძნელია, დიდი და სახიფათო გზაა გასავლელი“.

საინტერესოა, რომ ალინა ეჭვის თვალით უყურებს უკრაინისა და დასავლური მასმედიის რიხიან მოწოდებებს „სრული გამარჯვების“ თაობაზე და კრიტიკულად არის განწყობილი. „მათ წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა ხდება რეალურად ფრონტებზე. ვინ შეცვლის დაღუპულ-დაჭრილებს? ვინ ჩაანაცვლებს იმათ, რომლებიც უახლოეს დღეებში დაიღუპებიან? მე არავითარ გამარჯვებას არ ველოდები უახლოეს ხანში“, – აცხადებს სანიტარული ექიმი.

რა ხდება ფრონტებზე?

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბრძოლები გადამწყვეტ ფაზაში შედის – კიევის არმიის საზაფხულო შეტევა დასასრულს უახლოვდება.

– სამხრეთის ფრონტი: უკრაინელებმა კიდევ ერთი სოფელი დაიკავეს – რობოტინო. ზოგიერთ ადგილზე უკრაინის არმიამ დანაღმული ველები გადალახა, წინ 10-12 კილომეტრით წაიწია და რუსების სამხაზიანი თავდაცვის ზოლიდან მეორეს მიუახლოვდა.

– ჩრდილოეთის ფრონტი: რუსეთის არმია სერებრიანის ტყიდან კუპიანსკისაკენ წინ მიიწევს, თუმცა უკრაინელები დიდ წინააღმდეგობას უწევენ.

– აღმოსავლეთის ფრინტი: ბახმუტთან უკრაინელები რამდენიმე ასეული მეტრით წინ წავიდნენ, მაგრამ ბრძოლის ველზე თავიანთი საუკეთესო ჯარისკაცები დატოვეს.

კრიტიკა ქვეყნის შიგნით და გარეთ

ქვეყნის შიგნით კრიტიკა მატულობს. უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსები შიშობენ, რომ კონტრშეტევის სავარაუდო წარუმატებლობას, ტაქტიკურ და სტრატეგიულ შეცდომებს სერიოზული [პოლიტიკური] შედეგები მოჰყვება. როგორც ჯერ-ჯერობით ჩანს, საბრძოლო მოქმედებები თანდათან ჩიხში შედის.

ამერიკული და გერმანული პრესა უკრაინელ გენერლებს აკრიტიკებს ძალების არასწორი განლაგებისა და მათი გაფანტვის გამო, თუმცა აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და იმედი აქვთ, რომ უკრაინის არმია ცოტა ხანში სამხრეთის ფრონტზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს. „რუსები უკვე დასუსტდნენ, მათ ბრძოლები ძალიან ძვირად უჯდებათ. რუსულ მეორე თავდაცვით ხაზს უკრაინელები უფრო იოლად გაარღვევენ“, – წერენ ისინი.

რატომაა მნიშვნელოვანი სერებრიანის ტყე?

გასული წლის ზაფხულის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა, რომ რუსეთის არმიას ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების (ე.წ. „რესპუბლიკების“) დარჩენილი ტერიტორიაც გაეთავისუფლებინა უკრაინელებისაგან. ამისათვის რუსებს სერებრიანის ტყეში შესვლა მოუწიათ. მოგვიანებით, შარშან, აგვისტო-სექტემბრის ცნობილი შეტევის დროს უკრაინელებმა რუსები ტყიდან გააძევეს, მაგრამ ახლა ისევ რუსები უტევენ.

საქმე იმაშია, რომ  სერებრიანის ტყეს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს: რუსებისათვის ტყე გასაღების როლს ასრულებს სლავიანსკისა და კრამატორსკის დასაკავებლად. უკრაინელებისთვის კი ლუგანსკის ოლქის რიგი ქალაქების გასათავისუფლებლად.

რუსეთის არმიის სარდლობას იმედი აქვს, რომ სერებრიანის ტყეში შეტევა უკრაინის არმიის ძალების გაფანტვას გამოიწვევს – კიევი იძულებული გახდება სამხედრო ქვედანაყოფები სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადაისროლოს.

პროგრესის ალბათობა

ანალიტიკოსები და ექსპერტები, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სხვადასხვანაირად მსჯელობენ: „ახლა ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ უკრაინელებმა სიტუაციის სტაბილიზება მოახერხეს“, – ამბობს ანალიტიკოსი მაიკლ კოფმანი.

მაგრამ ყველაზე მთავარი საკითხია ის, თუ რამდენად შორს წავა უკრაინის კონტრშეტევა სამხრეთში. სავარაუდოდ, ამაზე პასუხი მაშინ გვექნება, როცა უკრაინელები რუსების მეორე თავდაცვის ხაზს მიადგებიან.

„შეტევა თეორიულად კიდევ შეიძლება გარკვეული პროგრესით განვითარდეს, მაგრამ რეალურად ისეთი სიტუაციაა, რომ მოსახდენი უკვე მოხდა – [უკრაინაში და საზღვარგარეთ] უმეტესობა პესიმისტურადაა განწყობილი“, – ასკვნის მაიკლ კოფმანი.

წყარო