“ვეტინგის“ თემის გახმოვანება კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაიწყო – ამ საკითხის გაშლაში უშუალოდ ჩართულია რადიკალური ე.წ. „ენჯეო“ სექტორი”

34
spot_img

სააშკარაოზე გამოდის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები, რადგან „ვეტინგის“ თემის გახმოვანება კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაიწყო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხის გახმოვანება სწორედ „რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა“ დაიწყეს.

მისი თქმით, მიზანი ცხადია, მათი ამოცანაა, სასამართლო სისტემა პოლიტიკურ კონიექტურას დაუქვემდებარონ.

,,ამ საკითხის გაშლაში უშუალოდ ჩართულია რადიკალური ე.წ. ენჯეო სექტორი. სხვა სახელი იმას არ აქვს, როცა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს არათუ იმეორებ, არამედ მაქსიმალურად აღრმავებ, ეს ჯგუფები რადიკალურ „ენჯეო“ სექტორს წარმოადგენენ, რომლებიც ყველაფერზე მიდიან იმისთვის, რომ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთა შეასრულონ. მიზანი ცხადია – მათი ამოცანაა, სასამართლო სისტემა პოლიტიკურ კონიექტურას დაუქვემდებარონ. მათი მიზანია, მოსამართლეები ისე დააბულინგონ, რომ მათ კანონის შესაბამისად მოქმედება ვერ შეძლონ. მაშინ, როცა სასამართლო სისტემა წნეხის ქვეშ და მუდმივი ზეწოლის ქვეშ იქნება, რა თქმა უნდა, რისკებია, რომ სასამართლო დაემორჩილება არა კანონს და ორიენტირებული იქნება არა ჭეშმარიტების დადგენაზე, არამედ პოლიტიკური წნეხის გავლენის ქვეშ შესაძლოა მოექცნენ. ამიტომ ერთადერთი მიზანია პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ მოქცევა. “ნაციონალურ მოძრაობას” არავითარი პოლიტიკური და მორალური უფლება არ გააჩნია, რომ სასამართლო სისტემაზე და მით უმეტეს, “ვეტინგზე” ისაუბროს. მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს სტრასბურგის სასამართლოს პირდაპირ დადგენილი აქვს, რომ არაერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების მკვლელობას, წამებას, გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს და მედიის ხელში ჩაგდებას. სტრასბურგის სასამართლომ მათ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა, თუმცა ახლა ეს ადამიანები სასამართლოს კეთილსინდისიერებაზე საუბარს აგრძელებენ. ამ ხალხს არავითარი პოლიტიკური კეთილსინდისიერება არ გააჩნია”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.