“ვერც რუსეთის და ვერც სხვა სახელმწიფოს თანამდებობის პირის განცხადება ვერ შეცვლის იმ პოზიციას, რომ ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას”

76
spot_img

არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას – ბევრი სახელმწიფო ხედავს ინტერესს უკრაინის ომში, რასაც ეწირება უკრაინის სახელმწიფო, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი დიმიტრი მედვედევის განცხადებას.

მაჭარაშვილი მედვედევის განცხადების საპასუხოდ სხვა სახელმწიფოების “ინტერესებზე” საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინის ომს ბევრი სახელმწიფო თავის ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს.

„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ვერც რუსეთის და ვერც სხვა სახელმწიფოს თანამდებობის პირის განცხადება ვერ შეცვლის იმ პოზიციას, რომ ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბევრი სახელმწიფო თავის ინტერესს ხედავს უკრაინის ომში, რასაც ეწირება სამწუხაროდ უკრაინის სახელმწიფო, უკრაინელი ხალხი, უკრაინის ეკონომიკა, მომავალი და ა.შ.

ბუნებრივია, საქართველოს უკრაინიზაციას ჩვენ არ დავუშვებთ, როგორი მაპროვოცირებელი, შეურაცხმყოფელი განცხადებებიც არ უნდა გააკეთონ, მედვედევი იქნება ეს, რუსეთის ფედერაციის სხვა თანამდებობის პირი თუ სხვა სახელმწიფოს ნებისმიერი თანამდებობის პირი. ჩვენ ბუნებრივია ამას დავგმობთ, შესაბამის პასუხს გავცემთ, მაგრამ არ ავყვებით პროვოცირებას, რასაც ჰქვია ნებისმიერი ფაქტი თუ განცხადება, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია. ამას ჩვენ არ დავუშვებთ,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, – განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, თუ მათი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დააყოვნებენ.

“ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ,”- განაცხადა მედვედევმა.