“ვერც გვარამიას გათავისუფლება, ვერც „პრაიდი“ ვერ დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან – პირიქით!” – დავით ქართველიშვილი

329
spot_img

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ლგბტქი თემის მიერ, საქართველოში, ივლისში დაგეგმილი აქტივობების შესახებ წერს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, თუ ევროკავშირთან დასაახლოებლად ლგბტქი თემის პროპაგანდაა საჭირო, მაშინ, ასეთი ევროკავშირი მიუღებელია.

„ყოველ „სერიალს“ აქვს თავისი ფინალური სერია, საიდანაც იგებ (ხვდები) – ექნება თუ არა მას გაგრძელება (მომდევნო სეზონი). ანალოგიური ვითარებაა საქართველოს ევროინტეგრაციის „კინოშიც“. ასეც ხდება, როდესაც სერიალის სიუჟეტის მიხედვით, „ამოჩემებული“ გყავს საყვარელი გმირი და არ აქვს მნიშვნელობა, დადებითი თუ უარყოფითი ტიპაჟისაა იგი. მაგრამ, ყოველთვის მოულოდნელია შენთვის, როდესაც ეს ტიპაჟი ფილმის მიმდინარეობისას თავის ჰაბიტუსს იცვლის. საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ასეთ დადებით გმირად მიმაჩნდა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, უნგრელი ოლივერ ვარჰეი. მაგრამ აქაც მოულოდნელ მეტამორფოზს ჰქონდა ადგილი, როდესაც მან ბრძანა: „საქართველომ უნდა უზრუნველყოს ლგბტქი საზოგადოების წევრების შეკრება და გამოხატვის თავისუფლება“. ტაში. ფარდა. მორჩა კინო. „მოკვდა კაცი“. როდესაც პირველ ივნისს იერუსალიმში ჩატარდა პრაიდი, ძალიან მინდოდა ამომეკითხა ისრაელის მთავრობის მოტივაცია, რომელიც თითქოს და დეკლარირებულად ებრძვის „გლობალური ომის პარტიის“ ჩარევას ქვეყნის სუვერენულ უფლებებში, მაგრამ ვერ ამოვიკითხე. მინდა მჯეროდეს და მჯერა თურქეთის მოტივაციისა, რომელმაც სტამბოლში 27 ივნისს ჩატარებული პრაიდის ორგანიზატორებიც და მონაწილეთა დიდი რაოდენობა დააკავა.

მაგრამ… … ვერანაირად ვერ გავიგებ, რატომ უნდა გავატაროთ საქართველოში მსგავსი ბაკქანალია, რომელიც დაგეგმილია 1-8 ივლისს და არ ემსახურება არც ერთს, თუნდაც პოლიტიკურად გამართლებულ მიზანს. ვერც გვარამიას გათავისუფლება, ვერც „პრაიდი“ ვერ დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. პირიქით! ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი დაახლოებისაგან, რომელიც ან „პრაიდის“ ჩატარებაზე, ან გვარამიას გათავისუფლებაზე გადის!“, – წერს დავით ქართველიშვილი.