“ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოში პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა ვერ შეძლო”

33
spot_img

ვერც ერთმა პოლიტიკურმა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოში პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა ვერ შეძლო – ვიღაცა ვიღაცასთან გაერთიანებას მოახერხებს, მაგრამ არა მგონია, ისეთი გაერთიანება შედგეს, რომელსაც დიდი პოტენციალი ექნება, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველა ოპოზიციური გაერთიანება 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის გარანტიისთვის იქნება შექმნილი.

„სტრატეგია აღმაშენებლისა” და „ნაციონალური მოძრაობის” გაერთიანებამ უფრო ხმაურიანი დაშლა გამოიწვია, ვიდრე ეფექტური გაერთიანება. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ აქტორებს, პარტიების გაერთიანება დღის წესრიგში დგას, მაგრამ ძნელია პროგნოზი თუ ვინ ვისთან გაერთიანდება. პირდაპირი მექანიკური გაერთიანება, ხშირ შემთხვევაში საარჩევნო არითმეტიკას ეწინააღმდეგება. რომელიმე ერთი პარტია თვლის, რომ მას გამსვლელ საარჩევნო სიაში მეტი ადგილი ეკუთვნის, ვიდრე გაერთიანების მსურველ რომელიმე სხვა პარტიას. არის კიდევ ერთი წინააღმდეგობა – თუ რამდენად თავსებადი არიან ამ გაერთიანების ლიდერები ერთმანეთთან. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პოზიტიურო დღის წესრიგი ვერ შექმნა. ყველას დღის წესრიგი აწყობილია ერთ რამეზე – მოდით, ქვეყანა მაქსიმალურად დავაზიანოთ, დაზიანებული ქვეყანა მმართველი პარტიით უკმაყოფილო იქნება და ამით მმართველი პარტიის ჩანაცვლებასა და ხელისუფლებაში მოსვლას მოვახერხებთ. როდესაც ოპოზიციური პარტიების ძირითად ნაწილს ასეთი შინაგანი პოლიტიკური განწყობა და დღის წესრიგი აქვთ, ეს მათი გამაერთიანებელი ფაქტორი ვერ იქნება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.