ვერავინ შეძლებს ქვეყანა ჩაითრიოს ისეთ მოქმედებებში, რომელიც არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესს – ლევან მაჭავარიანი

18
spot_img

„ბოლო დღეების განმავლობაში სიმართლესთან და ქართველ ხალხთან სასტიკი დამარცხებით აგონიაში მყოფი რადიკალური ოპოზიცია მდიდარ ენჯეოებთან ერთად ბოლშევიკურ და ფაშისტურ მეთოდებზე გადავიდა. მიდიან სახლებთან, ოჯახებში, ცდილობენ დეპუტატების ოჯახის წევრების დაბულინგებას, რაშიც ასევე ჩართულები არიან მათი მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. აკეთებენ წარწერებს, ემუქრებიან შვილებს, ოჯახის სხვა წევრებს და ა.შ. არ ერიდებიან ოჯახის ტრაგიკულად დაღუპული წევრების შეურაცხყოფასაც კი. ისინი ცდილობენ არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, არამედ უკვე რიგითი ამომრჩევლები, ქართული ოცნების მხარდამჭერებიც კი დააბულინგონ. ამ ყველაფერმა უკიდურესად ამორალური სახე მიიღო. თუმცა, როგორი უსუსურიც იყო მათი მცდელობა განეხორციელებინათ რევოლუციური გეგმები, აერიათ ქვეყანა და ჩაეგდოთ გამჭვირვალობის კანონი, ისეთივე უსუსურია მათი უბინძურესი ფაშისტური კამპანია. ის მხოლოდ მათ რეალურ სახეს წარმოაჩენს და აგრძელებს მათ სრულ ლუსტრირებას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ბრიფინგზე ისაბურა.

მისი თქმით, კამპანია, რომელიც ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობას ემსახურება, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის ორგანიზებული.

როგორც ლევან მაჭავარიანმა ბრიფინგზე აღნიშნა, ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება უსამართლობას და სხვა ხალხის მიერ აგენტურის ხელით ქვეყნის მართვას.

დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მთავრობის წარმომადგენლებზე და განსაკუთრებით მათი ოჯახის წევრებზე რაიმე სახის ზემოქმედებას საპასუხო რეაგირება მოჰყვება.

„ყველასთვის ცხადია, რომ ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობის კამპანია რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის ორგანიზებული, რაშიც თავადაც ჩართულები არიან. ამ ყველაფრის ავტორები არიან სხვა ქვეყნების, ორგანიზაციების თუ ჯგუფების აგენტები, რომელთა გამოაშკარავებამ ისეთ დღეში ჩააგდო ისინი, რომ ყველაზე მდაბიო მეთოდებზეც კი აღარ ამბობენ უარს.

ეს ხალხი კრიმინალური რეჟიმის, მკვლელობის და წამების შემოქმედია. ეს ის ხალხია, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანებზე ძალადობდნენ ფიზიკურად, ახლა კი, ისე ძალადობენ, რითაც და როგორც შეუძლიათ.

როგორც ჩანს მათ, შინაგანად, იმდენად აწუხებთ, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ღალატობენ და ყიდიან საკუთარ სამშობლოს, ამ კომპლექსების გადმონთხევას სხვებზე ცდილობენ და კადრულობენ უკადრებელს.

ცდილობენ მოღალატის იარლიყი მიაკერონ სხვას, როცა თავად ყოველდღიურად ღალატობენ ქვეყანას და წარსულშიც არაერთხელ უღალატეს სამშობლოს. ფაშისტურ კამპანიას აორგანიზებს ის ხალხი, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს სამხედრო მოქმედებები და კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი.

სწორედ მათ მისცეს ხმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებას იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხმა იყო გადამწყვეტი რუსეთისთვის. ესენი არიან ის ძალები, რომლებმაც ომის შემდგომ პერიოდში სტრატეგიული ობიექტები მიყიდეს რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს და საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპანტს ჩააბარეს.

ეს ადამიანები უწოდებენ სხვებს რუსების მონებს და მოღალატეებს, როდესაც თავად ღალატის და სამშობლოს გაყიდვის სიმბოლოები არიან!

წინა ხელისუფლების პირობებში უკვე ვიცხოვრეთ ისეთ საქართველოში, სადაც ყოველდღიურობას სისტემური წამება და გაუპატიურება წარმოადგენდა, სადაც მოქალაქეების საძინებლებში თვალთვალი რეგულარულად მიმდინარეობდა, სადაც ატერორებდნენ, ძალადობდნენ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, არ ინდობდნენ საპირისპირო აზრის მქონე პირებს და მათ ოჯახის წევრებს.

ამ ხალხს, ის დასავლელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, რომლებიც დღეს „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიას უწუნებენ, დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ და დღესაც მათ რადიკალურ ქმედებებს აფინანსებენ და ახალისებენ.

მივმართავ ამ ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრებს თუ ბოლშევიკური კამპანიის ავტორებს: „ქართული ოცნების“ ლიდერებს და მათ მომხრეებს შიში მაშინ არ გაუვლიათ გულში, როცა ფიზიკური განადგურების ყველა ბერკეტი ხელში გეჭირათ და გარედან არავინ იყო მომკითხავი, რატომ ხოცავდით ხალხს ქუჩაში, ციხეებში, რატომ არეკეტებდით ბიზნესს და ა. შ.

მოგონილი საუკუნის აფიორით და სიტყვა რუსულის მილიონჯერ და უარგუმენტოდ გამეორებით, ვერც ვეღარავის მოატყუებთ და ვერც დააბულინგებთ. ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება უსამართლობას და სხვა ხალხის მიერ აგენტურის ხელით ქვეყნის მართვას.

არ ვაპირებთ გაგიტაროთ თქვენი არცერთი ამორალური გამოხტომა.

კარგად იცოდეთ, რამდენი მცდელობაც გექნებათ გამოავლინოთ თქვენი ფაშისტური ზრახვები, რამდენჯერაც ეცდებით ჩვენზე, განსაკუთრებით ჩვენი ოჯახის წევრებზე და მხარდამჭერებზე რაიმე სახის ბინძურ ზემოქმედებს, ზუსტად იმდენჯერ მიიღებთ უმკაცრეს რეაგირებას ჩვენგანაც და საზოგადოებისგანაც!“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოშივე მიიღება და ამ ფაქტს ყველა უნდა შეეგუოს!

„საზოგადოებას კი ვპირდებით, რომ ჩვენ ვართ და ვიქნებით ამ ქვეყანაში მშვიდობის, განვითარების, სამართლიანობის, გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის გარანტი. ვერავინ შეძლებს ქვეყანა ჩაითრიოს ისეთ მოქმედებებში, რომელიც არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესს. ყველამ კეთილი ინებოს და შეეგუოს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოშივე მიიღება!“ – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.