ქალაქს აქვს თავისი გენერალური გეგმა და ამ დოკუმენტის მიხედვით ხდება ქალაქის ურბანული განვითარება, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ „გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, მშენებლობები ისეთ ადგილზე მიმდინარეობს, სადაც გეოლოგების შეფასებით, არ შეიძლება“.
მისივე თქმით, თბილისში არის კონკრეტული ადგილები, რომელთა განაშენიანება შესაძლოა, საშიში იყოს, ამიტომ იქ არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს.
„ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ სადაც არის დასკვნა გაკეთებული და მითითება მიცემული, მაგალითად, ვერეს ხეობა, სადაც არ შეიძლება მშენებლობა კონკრეტულ ადგილებში და იქ მაინც მიმდინარეობს მშენებლობა. არ არსებობს ასეთი. ან სხვა ადგილები ავიღოთ. თბილისში არის კონკრეტული ადგილები, რომელიც შეიძლება საშიში იყოს, თუნდაც უხვი ნალექიდან გამომდინარე, გვაქვს ამის სამწუხარო მაგალითები, თუმცა ამ კონკრეტულ სივრცეებში არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ჟვანიას ქუჩის მაგალითიც მოიყვანა, სადაც, მისი თქმით, შესაბამისი დასკვნების საფუძველზე მშენებლობების შეჩერების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„სადაც არ შეიძლება მშენებლობა, არის მითითებები გაცემული და ჩვენც ვიცით, რომ ის კონკრეტული არეალი შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს – მაგალითად, ჟვანია ქუჩა შემიძლია გითხრათ, სადაც უამრავი მშენებლობა ხორციელდებოდა, თუმცა 2017 წელს, როდესაც მე ქალაქის მერად ამირჩიეს, დავიწყეთ მთელი რიგი კვლევების ჩატარება და იქ გაცემული ნებართვები, განაშენიანების რეგულირების გეგმები, ყველაფერი იქნა დაბლოკილი და შეჩერებული, იმიტომ, რომ იმ სივრცეში არ შეიძლება მშენებლობა. ეს დამოკიდებულება აქვს დედაქალაქის მუნიციპალიტეტს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.