“ველოდებით თარიღს, როდიდან იქნება ონკოპაციენტებისთვის ხელმისაწვდომი ულიმიტო პერსონალიზებული მედიცინა” – კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელი

14
spot_img

ჩვენი თვითმიზანი არ არის ჯანდაცვის სამინისტროში ყოველ კვირას სიარული, ჩვენ ველოდებით სამშაბათის ბრიფინგს, რომ ზუსტი თარიღი გვეცოდინება, როდიდან იქნება ულიმიტო პერსონალიზებული მედიცინა – თუ ეს თარიღი არ გვეცოდინება, ჩვენ საჭირო ზომებს მივიღებთ, – ამის შესახებ ონკოპაციენტების მხარდამჭერი ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის” დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია მოთხოვნების მისაღწევად ბრძოლას გააგრძელებს.

„ჩვენი მოთხოვნა თავიდანვე იყო, რომ ონკოპაციენტებს გვჭირდება მედიკამენტებზე წვდომა, პერსონალიზებული ულიმიტო დაფინანსება. 9 აპრილს შეხვედრაზე ვიყავით 12 ადამიანი და აქედან 3 ადამიანს უკვე გუშინ დაუკავშირდა პირადად ბატონი მიხეილი. ეს ჩემი აზრით, ჩვენი გამარჯვებაც არის, იმიტომ, რომ თუ ამ 3 ადამიანს გადაარჩენენ, ჩვენი მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია და რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ ყველა გადავარჩინოთ, სანამ არ მივიღებთ იმას, რასაც ვითხოვთ – ულიმიტო პერსონალიზებულ მედიცინას.

რაც შეეხება იმას, რომ ბატონი მიხეილი განერვიულებულია – მე მესმის მისი, იმიტომ, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაშია ჯანდაცვის სამინისტროც და პაციენტებიც, თუმცა კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ მან ტონს არ უნდა აუწიოს არავისთან. ასევე მინდა ვთქვა ისიც, რომ სამშაბათამდე ის შეგვპირდა, რომ გაგვაგებინებდა ცვლილებებს. მან თქვა, რომ არ არის საჭირო სამუშაო ჯგუფები. დიახაც, ბატონო მინისტრო, არ არის საჭირო სამუშაო ჯგუფები. ჩვენი თვითმიზანი არ არის ჯანდაცვის სამინისტროში ყოველ კვირას სიარული, ჩვენ ველოდებით სამშაბათს ბრიფინგს, რომ ზუსტი თარიღი გვეცოდინება, როდიდან იქნება დაფინანსება, ულიმიტო პერსონალიზებული მედიცინა, რა იქნება კვლევებში. თუ ეს თარიღი არ გვეცოდინება, ჩვენ საჭირო ზომებს მივიღებთ,“ – განაცხადა გვანცა აფხაიძემ.