“ვაზღვევთ პენსიონრებს, მოწყვლად ჯგუფებს ჭარბვალიანობისგან, ამიტომ ბანკებს მივეცით მითითება, აღარ გამოიყენონ რეკლამა პენსიით ან სოციალური შემწეობით უზრუნველყოფილ სესხებზე”

50
spot_img

ვაზღვევთ პენსიონრებს და სოციალური შემწეობის მიმღებებს ჭარბვალიანობისგან. ამიტომ ბანკებს მივეცით მითითება, აღარ გამოიყენონ რეკლამა ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიც არის პენსიით ან სოციალური შემწეობით უზრუნველყოფილი სესხი, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, აღნიშნული ემსახურება იმას, რომ მოწყვლადი ჯგუფები დაცული იყვნენ გაუცნობიერებელი გადაწყვეტილების მიღებისგან.

„გავითვალისწინეთ პენსიონრები, სოციალური შემწეობის მიმღები ადამიანები, ისინი შედარებით მოწყვლადი კატეგორიაა. ძირითადი ჩივილები და საჩივრები, რაც შემოდის ჩვენთან და საბანკო სისტემასში, ეხება იმას, რომ ბევრია ადამიანი, რომელიც ზოგჯერ გადაწყვეტილებას იღებს გაუცნობიერებელად, შესაბამისი ინფორმაცია მისთვის ბოლომდე მიწოდებული არ არის. ჩვენ ვაზღვევთ პენსიონრებს და სოციალური შემწეობის მიმღებებს ჭარბვალიანობისგან. ამიტომ ბანკებს მივეცით მითითება, აღარ გამოიყენონ რეკლამა ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიც არის პენსიით უზრუნველყოფილი ან სოციალური შემწეობით უზრუნველყოფილი სესხი. მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი იქნება თავად სესხის ამღების თანხობით და ნებართვით. ეს არის შესაძლებლობა, რომ მოწყვლადი მომხმარებელი, მათ შორის პენსიონერი, მეტად დავიცვათ გაუცნობიერებელი გადაწყვეტილების მიღებისგან, მივცეთ საშუალება, მეტი ინფორმაცია მოითხოვოს ბანკისგან, ვიდრე აიღებს პენსიით უზრუნველყოფილ სესხს და ჭარბვალიანობისგან დავიცვათ. ეს ეთიკურად აბსოლუტურად გამართლებული გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება.

სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს.