ვაშინგტონმა ისრაელს ურჩია, გადადოს ღაზაში მოსალოდნელი სახმელეთო შეჭრა, რათა მოიგოს დრო „ჰამასის“ მიერ დაკავებული 212 მძევლის გასათავისუფლებლად და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მეტი დახმარების გაწევის საშუალება შექმნას, – ინფორმაციას New York Times-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ შეერთებულ შტატებსაც ასევე მეტი დრო სჭირდება, რათა მოემზადოს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ აშშ-ის ინტერესებზე შესაძლო თავდასხმებისთვის და დასძენს, რომ ასეთი თავდასხმები სავარაუდოდ გაიზრდება, როდესაც ისრაელი შეჭრას დაიწყებს.
ამასთან, New York Times-ის ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს მოთხოვნას არ უყენებს, კვლავ მხარს უჭერს სახმელეთო შეჭრას და ისრაელის მიზანს, გაანადგუროს „ჰამასი“.
გამოცემა ასევე წერს, რომ აშშ-მა ისრაელს რჩევა თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის საშუალებით გადასცა, რომელსაც თითქმის ყოველდღიური სატელეფონო კონტაქტი აქვს თავის ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან.