„ნაციონალური მოძრაობა“ რჩება „ნაცმოძრაობად“ თავისი ანასხლეტებით. გინდ გაერთიანდნენ და გინდა ცალ-ცალკე იყვნენ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით მაჭარაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ ამ ორ პარტიას საერთო სტრატეგია ექნება და შეიქმნება „გამარჯვების პლატფორმა“ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე.
„„სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც პარლამენტში შემოვიდა ოთხი წევრით, დარჩა ორი წევრით, 2024 წლამდე, შესაძლოა, ერთი წევრით დარჩეს. „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვიდა 36 წევრით, ახლა ოცნი არიან. პრაქტიკულად, განახევრდნენ და 2024 წლის არჩევნებამდე რაოდენობამ შეიძლება, უფრო დაიკლოს. ანუ, ნელ-ნელა მილევად რეჟიმში არიან. ალბათ თვითონაც ნახეს კვლევები, რომ სანდოობის ხარისხი დაბლა იწევს და თქვეს, მაინც ერთიანი ვართ, მაინც ერთი მიზანი, საერთო ჯიში გვაქვს და მოდი, რაღაცნაირად გავერთიანდეთო. ეს არის მათი ძირითადი ე.წ. სტრატეგია, თორემ ვაშაძის სტრატეგიას აღმაშენებლობის რომ არაფერი ჰქონდა, ეს საზოგადოებამ დაინახა. იმიტომაც არის, რომ ის დაუბრუნდა თავის დედულეთს თუ მამულეთს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და, სავარაუდოდ, სიაში ჩასვამენ. ეს არის მთელი პოლიტიკური ძვრები, რაც შეიძლება, მოხდეს. ქართულ პოლიტიკაში ახლა მეტი არაფერი შეიცვლება, „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება „ნაცმოძრაობად“ თავისი ანასხლეტებით, გინდ გაერთიანდნენ და გინდა ცალ-ცალკე იყვნენ. ცალ-ცალკე ყოფნა არ აწყობთ, რადგან ბარიერი მაღალია და ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ აქვთ. „ნაცმოძრაობაც“ კი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ნელ-ნელა მილევად რეჟიმში არიან. მათ სურთ, შიდა პატარა შეთანხმება წარმოაჩინონ ისე, თითქოს გლობალური ძვრები მოხდება ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ასე არ იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, როგორი შანსები აქვს 2024 წლის არჩევნებში ახალ პლატფორმას, მაჭარაშვილმა აღნიშნა:
„ვაშაძე ისე აქტიურად თუ იმუშავებს, როგორც აქამდე – მაგალითად, უცხოეთში სადარბაზოებში აიღებს ინტერვიუებს, ევროკავშირში აპარატის თანამშრომლის მესამე მოადგილეს შეხვდება, რა თქმა უნდა, ასეთი დონით მას და მის პარტიას წარმატება ექნება, მაგრამ თუ დაიზარა, ისინი ბარიერს ვერ გადალახავენ. მათ სერიოზულად არავინ უყურებს. მათ არავინ შეეკითხება, რა პლატფორმით გამოვლენ და როგორ მოიქცევიან არჩევნების წინ. პატრონები როგორც ეტყვიან, ისე დალაგდებიან. რა თქმა უნდა, ამბიცია აქვს ვაშაძეს, ამბიცია აქვთ გახარიას, ხაზარაძეს – მათ არ სურთ, რომ ხაბეიშვილი ჰყავდეთ ლიდერად. ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს, მეტი არაფერი პროცესი არაა. მათ შორის განსხვავება არაფერია. ყველამ კარგად ვნახეთ „კოკა-კოლას“ ფონზე როგორ იყვნენ ხელიხელგადახვეულები ერთი ხის ნაყოფის რტოები. ამიტომ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ახალ პლატფორმას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, პირიქით, შეიძლება კარგიც იყოს“, -განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.