ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება

93
spot_img

ვარკეთილის დასახლებაში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ამოქმედების შემდეგ ყოველთვიურად 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა.

„მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. გაზაფხულისთვის მთლიანად დასრულებული იქნება პროექტი. აქ იქნება კალათბურთის, ჭიდაობის, ტანვარჯიშის და სხვა დარბაზები, ასევე არის საცურაო აუზები, როგორც პატარებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. იქნება ასევე ტრენაჟორების სივრცე, მედიათეკა და ა.შ. როგორც გითხარით, მულტიფუნქციური ცენტრის ორი პროექტი სამგორის რაიონში და დიდ დიღომში მიმდინარეობს და მალე დასრულდება. გვინდა, რომ ყველა რაიონში თითო ასეთი ცენტრი აშენდეს, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება ვარჯიშის, გართობის, დასვენების შესაძლებლობა. პროექტში ასევე გათვალისწინებულია ეზოს კეთილმოწყობა. აქვე არის სკოლა და ვფიქრობ, ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგი სტიმული იქნება ამ ცენტრის არსებობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.

დედაქალაქის მერიის ცნობით, მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება სხვადასხვა ტიპის დარბაზები, ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი; კაფე; სპორტული ინვენტარის მაღაზია; მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა; საკონფერენციო დარბაზი; სახელოვნებო სკოლა; სამაგიდო თამაშების სივრცე. ცენტრს ექნება მიწისქვეშა პარკინგი.