„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საკრებულოს სხდომაზე ქობულეთის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გელა შაქარიშვილმა, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, სოლომონ ბაჯელიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პარტიის ბრძოლა დემოკრატიული, ერთიანი, თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფალი საქართველოსთვის დიდი გამარჯვებით დასრულდება.
„დღეს, 24 ნოემბერს, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე ქობულეთის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „რუსული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გელა შაქარიშვილმა, ჩვენი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, სოლომონ ბაჯელიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. “რუსული ოცნების” წევრების განსაკუთრებული გაღიზიანება იმ კორუფციული სქემების ხსენებამ გამოიწვია. ჩვენი პარტიის წევრები, მთელი საქართველოს მასშტაბით, საკრებულოებში ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი თანამოქალაქეების საუკეთესო ინტერესების დასაცავად. „ვარდების რევოლუციიდან” 20 წლის გასვლის შემდეგაც, ჩვენ დაპირისპირება ისევ კორუფციასთან და ქუჩურ მეთოდებთან გვიწევს. მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენი ბრძოლა დემოკრატიული, ერთიანი, თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფალი საქართველოსთვის დიდი გამარჯვებით დასრულდება!“,-აღნიშნულია განცხადებაში.