“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები დაასახელეს

44
spot_img

გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მოთხოვნები გააჟღერეს. მათი პირველი მოთხოვნაა, დაკავებულების გათავისუფლებაა, ამასთან, შეკრებილების მოთხოვნაა, ტოტალური დაუმორჩილებლობა გამოცხადდეს იქამდე, ვიდრე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს არ გაიწვევენ.

ასევე კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ითხოვენ აქციის მონაწილეებზე, მათ შორის, ბავშვებსა და ქალებზე მოძალადეების დასჯას.

ახლა ჩვენი გზავნილი არის ერთადერთი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჩვენი თანამებრძოლები, რომლებიც უკანონოდ, ძალით ჩატენეს მანქანებში და დაიჭირეს. ეს ახალგაზრდები პოლიციისა და ხელისუფლებისგან ასეთ მოქცევას არ იმსახურებენ. ეს ახალგაზრდები არ იმსახურებენ ცემას, რეზინის ტყვიებს, რომლითაც გუშინ გაუსწორდნენ რობოკოპები და სპეცრაზმი. ეს ახალგაზრდები პიკეტირებას, ქუჩების გადაკეტვას ახდენენ, რათა მთელ მსოფლიოს გააგონონ, რომ საქართველო და ქართველი ერი იქნება ყოველთვის ევროპული ღირებულებების სადარაჯოზე და არასდროს დაუჭერს მხარს არც რუსული კანონის მიღებას და არც რუსეთუმე მთავრობას.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჩვენი თანამებრძოლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მოძრაობები არ გაჩერდება და მივმართავთ უკიდურეს ზომებს. ასე არ შეიძლება, გაგრძელდეს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს უკანონო დაჭერები, თავზე გასვლები. ვითხოვთ, რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ ახალგაზრდები. ახალგაზრდებს ველოდებით გმირთა მოედანზე, საიდანაც წაიყვანეს. ვაძლევთ დროს, გონივრულ ვადას ახალგაზრდების გასათავისუფლებლად. მათ აქვთ, მაქსიმუმ, ორი საათი, რომ ეს ახალგაზრდები იყვნენ აქ, ქუჩაში, ჩვენთან ერთად. ორ საათს ვაძლევთ ვაჟა სირაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გომელაურს და პირადად ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ აქ ვართ გამწარებული, განრისხებული ახალგაზრდები, გამწარებული ამ ხელისუფლებისგან, მაგრამ არა დაჩაგრულები. არავის ეგონოს, რომ დაჩაგრული ვართ. ვითხოვთ, გაათავისუფლონ და ამისთვის, მაქსიმუმ, ორი საათი არის სრულიად საკმარისი. ეს ადამიანები უკანონოდ არიან დაკავებული“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.