„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატები სარჩელს ხვალ შეიტანენ

23
spot_img

პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ ოპოზიციის სარჩელი შევა.

“ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თამარ კორძაია, საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გაუქმების მოთხოვნით სარჩელს შეიტანენ.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს ხელი 22 ივლისს მოაწერეს. არსებული ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრია.

ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვს.

კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე გაასაჩივრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო სექტორმა.