აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში შეტანილი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტების” შესახებ ე.წ. კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგია, 90-95%-ით იგივეა, მთელი რიგი თავები, მუხლები რუსული კანონის პირდაპირი თარგმანია. ამის შესახებ გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა, 2020 წლის 12 ნოემბერს მიღებული, 45-პუნქტიანი ე.წ. პროგრამა გაგახსენოთ, რომელსაც ჰქვია “აფხაზეთსა და რუსეთს შორის საერთო სოციალურ -ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით”.
ამ პროგრამის 37-ე პუნქტი აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის იმ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობას არეგულირებს. ისევე, როგორც ამ პროგრამამ, ამ პუნქტმაც აფხაზურ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი, წინააღმდეგობა გამოიწვია.
ეს პუნქტი 2021 წელს უნდა შესრულებულიყო, ახლა უკვე 2024 წელია და დღემდე ბოლომდე მიყვანილი არ არის. ეს აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგობის შედეგია. მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, აფხაზეთში აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების (განსაკუთრებით უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც აფხაზეთში საქმიანობენ) წინააღმდეგ ძალიან ძლიერი კამპანია მიმდინარეობდა. მიმდინარე წლის 7 თებერვალს ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიტანა. 8 თებერვალს ის მოსკოვში მიემგზავრებოდა, ლავროვთან ჰქონდა შეხვედრა. ჩვენ ვიცით რუსეთის ხელწერა, თუ როგორ ახდენს ზემოქმედებას აფხაზურ საზოგადოებაზე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე. როცა რუსეთი ამ თუ იმ კანონის მიღებას, შეთანხმებაზე ხელმოწერას ითხოვს, ის აფხაზეთს რაღაც პრობლემებს უქმნის, ან ელექტროენერგიის მიწოდებას უწყვეტს, ან საპენსიო ფონდში თანხების გადარიცხავს, ზეწოლის მსგავს ბერკეტებს იყენებს. 8 თებერვალს ბჟანიას მოსკოვში არავინ მიიღებდა, მას დე ფაქტო პარლამენტში ეს ე.წ. კანონი რომ არ შეეტანა. ამ ე.წ. კანონთან ერთად აქ რუსეთის კანონიც მოგიტანეთ, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტებს ეხება. შეიძლება, ვინმეს კითხვა დაებადოს და მინდა, გითხრათ: გახსოვთ, საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი იყო შეტანილი, რასაც საზოგადოების ნაწილში გარკვეული უკმაყოფილება მოჰყვა და შემდეგ ის პარლამენტმა უკან გაიწვია. სამწუხაროდ, მას რუსული კანონი უწოდეს. აგერაა რუსული კანონი, რომელსაც სიტყვა “აგენტის” გარდა, არაფერი აქვს საერთო იმ კანონთან, რომელიც საქართველოს პარლამენტში იყო შეტანილი.
აფხაზური ე.წ. კანონპროექტი და რუსული კანონი 90-95%-ით ერთი და იგივეა”, – განაცხადა გამახარიამ.
მისივე თქმით, ამ კანონით აკრძალულია ყველაფერი ის, რითაც არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს დაკავებული. როგორც გამახარიამ აღნიშნა, რუსეთს უნდა, აფხაზეთი თავიდან ბოლომდე რუსულ სამართლებრივ სივრცეში მოაქციოს.
“რუსული კანონი მთელ რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში შეტანილ ე.წ. კანონპროექტში სიტყვა სიტყვით არის გამეორებული. უბრალოდ, სტრუქტურა არის ცოტა სხვანაირი, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს კანონი პირდაპირ ითარგმნა. მაგრამ, რომ გადახედავთ, ნახავთ, რომ მთელი რიგი თავები, მუხლები რუსული კანონის პირდაპირი თარგმანია. განსაკუთრებით ეს ე.წ. კანონპროექტის მეჩვიდმეტე პუნქტს ეხება, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდვებს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნის აგენტებს წარმოადგენენ. ამ რუსული კანონით და აფხაზური ე.წ. კანონპროექტით, უცხო ქვეყნის აგენტებს წარმოადგენენ ის ორგანიზაციები და პირები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან.
რა ძირითად შეზღუდვებზეა საუბარი: თუ საზღვარგარეთიდან ფინანსდება, არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო ორგანოებთან შექმნილ სხვადასხვა კომისიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს; ასეთ ორგანიზაციებისა და პირებს სხვადასხვა დონის არჩევნებში რომელიმე კანდიდატისთვის ხელშეწყობა ეკრძალებათ, ასევე, ეკრძალებათ სხვადასხვა მიტინგის, საჯარო ღონისძიების დაფინანსება, ასეთი ღონისძიებების მიტინგების, აქციების, ინიცირება; ეკრძალებათ რეფერენდუმების ინიცირება; ეკრძალებათ საგანმანათლებლო- პედაგოგიური საქმიანობა. ასეთი ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა ეკონომიკური სანქციაა დაწესებული.
ანუ ამ კანონით აკრძალულია ყველაფერი ის, რითაც უნდა იყოს და დღემდე არის დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაცია.
ისინი აცხადებენ, რომ ყველაფერი ამის მიზანი არის ის, რომ უცხოელმა სპონსორებმა აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება შეწყვიტონ. ფაქტობრივად, ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირების შეწყვეტას ნიშნავს. ეს არის აფხაზეთში არსებული მინიმალური დემოკრატიული ინსტიტუტების შეზღუდვა და, ფაქტობრივად, ისეთი ვითარების შექმნა, როგორიც რუსეთშია შექმნილი. იქ არავითარი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არსებობს და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ვერავინ ახდენს გავლენას. უნდათ, აფხაზეთშიც ზუსტად იგივე გააკეთონ.
აფხაზური საზოგადოების შიგნით მეტ-ნაკლებად დემოკრატია არსებობს, ე.წ. არჩევნებს ატარებენ, ვიღაცას გადააგდებენ, ვიღაცას აირჩევენ. მაგრამ რუსებს უნდათ, რომ ეს პროცესები თვითონ აკონტროლონ. აფხაზეთის ანექსიის პროცესი გრძელდება, ეს არის რუსეთის ანექსიონისტური პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. საბოლოოდ, რუსეთს უნდა, ამ 45-პუნქტიანი პროგრამის შესრულებით აფხაზეთი თავიდან ბოლომდე რუსულ სამართლებრივ სივრცეში მოაქციოს. დე ფაქტო ის ანექსირებული ჰყავს და დე იურედაც მოახდინოს მისი ანექსირება“, – განაცხადა გამახარიამ.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტს განსახილველად „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა.
კანონპროექტის მიხედვით, უცხოურ აგენტებად ჩაითვლებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და პირები, რომლებიც “აფხაზეთის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობენ და უცხოური წყაროებიდან იღებენ ფულს ან/სხვა ქონებას”.