“უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს” – რატი ბრეგაძე

155
spot_img

ამ ეტაპზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში საარჩევნო ხმა არ აქვს, შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სააკაშვილის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით.

„ეს კომენტარი იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ, თუ საინფორმაციოსთვის? კითხვა, სხვა ქვეყნის მოქალაქე უნდა გახდეს თუ არა საქართველოს პრემიერი და პოლიტიკაში ჩაერთოს, ნამდვილად იუმორისტული ჟანრიდანაა. უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა ასე ვერ მოხდება. მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა. ამ ეტაპზე უცხოელს საქართველოში საარჩევნო ხმა არ აქვს და შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, ბრეგაძემ უპასუხა კიდევ ერთ კითხვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხს ეხებოდა. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ეს სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუციური პრეროგატივაა.

„მოქალაქეობის აღდგენაზე პრეზიდენტის შესაძლო გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არის მისი კონსტიტუციური პრეროგატივა. მან უნდა გადაწყვიტოს, მიანიჭებს თუ არა მოქალაქეობას, თუმცა ნამდვილად გასაკვირია, როცა სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი გადის საქართველოს მოქალაქეობიდან და იღებს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობას. ძალიან უცნაურია და არც თუ ისე ხშირია მსოფლიო პოლიტიკაში. ეს ნამდვილად სამწუხარო ფაქტი იყო. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი პრეზიდენტი აუცილებლად იხელმძღვანელებს ამ მოსაზრებებით, როცა გადაწყვეტილების მიღების მომენტი დადგება, რა თქმა უნდა, თუ ეს საკითხი დადგება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.