“უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ ექიმი? – მოვიდეს და თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა”

147
spot_img

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, თუ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნაში ეჭვი ეპარება, შეუძლია პირადად მოინახულოს.

როგორც მან კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესამოწმებლად თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოიყვანეს ექიმი.

„ვინ არიან სხვა ექიმები? ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან. ვინ დარჩა? უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? ყველა, ვინც საჭირო იყო, ჩამოვიყვანეთ, გასინჯეს, ნახეს. აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები და ყველამ ნახა. აღარ ვიცი, ვინ უნდა გასინჯოს კიდევ. თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს“, – განაცხადა ალასანიამ.

მისი აზრით, პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით ინციდენტი პენიტენციურმა სამსახურმა მოაწყო.

„აბა ვინ, მე მოვაწყვე? პენიტენციურ სისტემას ყოველთვის ეძლევა მითითება და ისინი იმას ასრულებენ, რასაც მიუთითებენ“, – განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.