ურსულა ფონ დერ ლაიენს, შესაძლოა, არ ეყოს ხმები თანამდებობაზე მეორე ვადით დასარჩენად -POLITICO

59
spot_img

ევროკომისიის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, შესაძლოა, არ ეყოს ხმები თანამდებობაზე მეორე ვადით დასარჩენად, რადგან ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობა მის მიმართ უფრო მტრულად განწყობილი შეიძლება იყოს, – წერს ამერიკული გამოცემა POLITICO.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის დანიშვნა, პირველ რიგში, მოითხოვს ევროკავშირის 27 ლიდერის კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

ამის შემდეგ მან ევროპარლამენტის 720 წევრისგან, სულ მცირე, 361 ხმა უნდა მიიღოს.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) არჩევნების შემდეგ ყველაზე დიდი ფრაქცია იქნება პარლამენტში 170 მანდატით. უმრავლესობის შესაქმნელად, მან გარკვეული უპირატესობები უნდა შესთავაზოს სხვა მსხვილ ცენტრისტულ ჯგუფებს – სოციალისტებსა და ლიბერალებს.

ექსპერტები და პოლიტიკური ინსაიდერები აცხადებენ, რომ მაშინაც კი, თუ პარტიის ლიდერები დეპუტატებს უბრძანებენ მხარი დაუჭირონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, სავარაუდოა, რომ ამ ჯგუფის დეპუტატების 10 პროცენტზე მეტი ან შეეწინააღმდეგება მაას, ან თავს შეიკავებს გადამწყვეტ დღეს.

ხმების 10%-იანი დაკარგვა შეამცირებს ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერთა საერთო რაოდენობას 351-მდე, რაც 10 ხმით ჩამორჩება საჭირო მინიმუმს.

გარდა ამისა, არსებობს სიგნალები, რომ EPP-ის დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც არ დაუჭერენ მხარს ფონ დერ ლაიენს, შეიძლება გასაოცრად დიდი იყოს.