ომი უკრაინაში არ არის მხოლოდ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ეს არის უზარმაზარი გამოწვევები, რომელიც ცვლის მთლიანად მსოფლიო დღის წესრიგს და როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ ხვალ, ზეგ, ან სამი წლის შემდეგ, არავის შეუძლია ამის წინასწარმეტყველება, -განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.
დეპუტატის თქმით, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესი ამოცანა იმ ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რომელიც გეოპოლიტიკურად ყველაზე რთულ სივრცეში ცხოვრობს, არის როგორმე შეინარჩუნოს მშვიდობა.
„ამაზე დიდი ამოცანა დღეს საქართველოს არ აქვს და ამას სჭირდება ყველაზე დიდი ძალისხმევა. პრემიერმა ისაუბრა ეკონომიკურ ზრდაზე, განსახორციელებელ თუ მიმდინარე სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც მართლა შთამბეჭდავი ციფრებია, მაგრამ ეს ყველაფერი დარჩება წარსულში, როგორც კი პირველი ტყვია გავარდება. ტყვია გავარდება და უკვე სხვა სამყაროში ვიწყებთ ცხოვრებას, სადაც სხვა წესები მოქმედებს, რომელიც ჩვენ აღარ გვემორჩილება და ვეღარ ვმართავთ. ამიტომ უმთავრესი ამოცანა დღეს არის სწორედ ის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა“, – განაცხადა სუბარმა.