უმრავლესობის დეპუტატები ხვალ პარლამენტში ვერ შევლენ – იმდენი უნდა ვიყოთ, რომ შენობამდე ვერ მოვიდნენ – ნიკა მელია

13
spot_img

დროსა და სივრცეში არის დაკარგული მთელი „ქართული ოცნება“. მათ ჩაუვარდათ პარალელური სამყაროს შექმნის მცდელობა, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტთან განაცხადა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, ახლა აუცილებელია ხალხმრავალი და უწყვეტი მშვიდობიანი დემონსტრაციები.

„ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში იმას ცდილობდნენ, რომ პარალელური სამყარო შეექმნათ, სადაც სულ უფრო და უფრო მეტ სიბნელეს შეიტანდნენ და მერე ყველანი დავბნელდებოდით. ვერ შექმნეს პარალელური სამყარო და ამ პროცესში სიბნელე კი არა, მეტი და მეტი სინათლე შედის. ერთადერთი უებარი გამოსავალი არის ხალხმრავალი, უწყვეტი მშვიდობიანი დემონსტრაციები“, – განაცხადა მელიამ.

მან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს უკვე არაფრის ეშინია.

„მუქარებით, ძალადობით, სადარბაზოებთან ჩასაფრებებით, ცემა-ტყეპით ფონს ვერ გავიდნენ. დარწმუნებული ვარ, თითოეული ადამიანი, ვინც გუშინ თბილისში გამოვიდა, თვლიდა, რომ მაინც და მაინც უსაფრთხო გარემოში არ გამოდიოდა. ნორმალურ ადამიანს ყველას აქვს შიში, მაგრამ ეს შიში გადატეხეს. 200 ათასზე მეტმა ადამიანმა თქვა, რომ რაც არ უნდა იძალადო, მე გამოვალ დედაჩემთან ერთად, ჩემს შვილთან ერთად, ოჯახის წევრთან ერთად და ეს მოხდა. დღესაც იგივე უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა მელიამ.

მისი განმარტებით, ხვალ არ მისცემენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს საშუალებას, რომ პარლამენტში შევიდნენ.

„ხვალ ვერ შევლენ. პერსონალურად არავის ვერჩი, სახელმწიფოებრივად ვერჩი ყველას იქ, ვინც არის. 83 დეპუტატი მყავს მხედველობაში. ისინი სახლებიდან რომ გამოვლენ, იმდენი უნდა ვიდგეთ, რომ აქამდე ვერ მოვიდნენ“, – განაცხადა მელიამ.