უმრავლესობა მხარს დაუჭირეს “გირჩის“ ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმების ითვალისწინებს
“ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა დავითულიანის ინფორმაციით, უმრავლესობა მხარს დაუჭირეს “გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმების ითვალისწინებს, ხოლო “გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში “კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხი პირადი პოლიტიკური თემებისთვის არ იქნება გამოყენებული“.
როგორც დავითულიანმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, შეთანხმება შედგა.
ბიურომ “გირჩის“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება მიიღო – მას პარლამენტი მიმდინარე კვირას განიხილავს.
“საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერსა და იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია შედგა. ამ ცვლილებებთან დაკავშირებულ პრინციპებს უმრავლესობა ეთანხმება. ასევე ეთანხმება მის დაჩქარებული წესით განხილვას.
სამაგიეროდ, “გირჩის“ მხრიდან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხი პირადი პოლიტიკური თემებისთვის არ იქნება გამოყენებული“, – განაცხადა დავითულიანმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
თავის მხრივ, იაგო ხვიჩიამ დაადასტურა, რომ გენდერული კვოტირების გაუქმების თემაზე უმრავლესობასთან შეთანხმება მიღწეულია. მან ოპოზიციასაც სთხოვა მხარდაჭერა.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ მიერ მომზადებული პროექტი წარედგინა, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს.
„გირჩის“ პროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს.
როგორც ინიციატორები განმარტავენ, პოლიტიკური პარტიის მიზნებისთვის კვოტირების მექანიზმი გამოუსადეგარია. მათივე განცხადებით, გენდერული კვოტირების მექანიზმი წარმოადგენს შეზღუდვას როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც აღნიშნული ნორმა არის შეიქმნა.
„სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ გააჩნია. ასეთი ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს ვერ მიიღებს.
კანონპროექტის მიზანია დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს. სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა რთულია.
კვოტები რომ ქალთა გაძლიერებას არ უკავშირდება ამას ბევრი ქვეყნის მაგალითი ამტკიცებს, მათ შორის არის რუანდა, ქვეყანა სადაც ქვედა პალატაში 80 ადგილიდან 49-ქალს უკავია, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ამ ქვეყანაში ქალთა უფლებები სანიმუშოდ არის დაცული, განსხვავებით გერმანიისგან, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღება არაკონსტიტუციურად ცნო“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამავე პროექტით, პარტიებს ექნებათ უფლება, საარჩევნო სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა განსაზღვრონ არანაკლებ 30 წევრით, ნაცვლად 60-ისა.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის – ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.