“უკვე მერამდენედ, მელიას და „ქართული ოცნების“ განცხადებები უნისონშია ერთმანეთთან” – ლევან ბეჟაშვილი

87
spot_img

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილი განცხადებით, ვიცე-სპიკერის პოსტზე მის კანდიდატობასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ოპოზიციამ ისარგებლა რეგლამენტით დადგენილი კვოტით და შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა.

„პროცედურულად წარდგენილია, მაგრამ არ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაამტკიცებს. ეს განცხადებები კობახიძემაც დაადასტურა გუშინ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, ბეჟაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას განცხადებას, სადაც მელია ამბობს: „შორს ვარ აზრისგან, რომ ვიცე-სპიკერობა „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთაშორისო არენაზე წაადგება, განსაკუთრებით, თუ საუბარია ბეჟაშვილზე. ის არ გამოირჩევა შესაბამისი კვალიფიკაციით“.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ნიკა მელია ასეთ განცხადებას აკეთებს.

„უკვე მერამდენედ, მელიას და „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები უნისონშია ერთმანეთთან მთელ რიგ საკითხებში. კობახიძისა და მელიას გუშინდელი განცხადებები ასევე უნისონში და თანხვედრაშია. ეს სამწუხარო რეალობაა და დასკვნის გამოტანის საფუძველი უნდა იყოს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა თანამებრძოლს, წევრს, გადალახონ არჩევნების წაგებით გამოწვეული ბოღმა და ფსიქოლოგიური ფაქტორები, კონცენტრაცია მოახდინონ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის მთავარი ბოროტების – „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის წინააღმდეგ. სჯობს, ამ ადამიანმა არჩევნების წაგებით გამოწვეული ბოღმა გადალახოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.