BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეტევა რამდენიმე ფრონტზე უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ბევრი იმედოვნებდა.
„ჩვენ გვსურს მივიღოთ ძალიან სწრაფი შედეგები, მაგრამ სინამდვილეში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია“, – ამბობს გენერალი, რომელიც მეთვალყურეობს უკრაინის განახლებულ შეტევას აღმოსავლეთში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთში, ისევე როგორც სამხრეთში, ტერიტორია დანაღმულია და თავდაცვითი ბარიერებია აგებული.
„ამიტომ, ჩვენი წინსვლა ნამდვილად არ მიდის ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს“, – განაცხადა მან.
ოლექსანდრ სირსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის ერთიანობა და უკრაინელი ჯარისკაცების ერთმანეთისადმი ნდობა უკრაინული არმიის ძლიერი მხარეა.