უკრაინელებმა რუსული ძალების 30-მდე შეტევა მოიგერიეს – ომის 467-ე დღე

69
spot_img

ომის 467-ე დღეს, უკრაინა დონბასში ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს.

რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვით პოზიციებზე შეტევა 29-ჯერ სცადეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, დარტყმის ქვეშ იყო ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების რამდენიმე მიმართულება.

უწყებაში აცხადებენ, რომ კუპიანსკის მიმართულებით, მტერმა ერთი დღის განმავლობაში წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს მახლობლად. ლიმანის მიმართულებით კი რუსები ბელოგოროვკას მიდამოში წინსვლას შეეცადნენ.

„ბახმუტის რაიონში აგრესორის ძალისხმევა კონცენტრირებული იყო ივანოვსკოეს დასახლების მიმართულებით წინსვლის მცდელობებზე. სამხრეთით მტერი თავს დაესხა ყოფილი ქალაქ მარინკას ნანგრევებს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, სხვა მიმართულებით მოწინააღმდეგის აქტიური შეტევითი მოქმედებები არ დაფიქსირებულა.

“რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“, რომლებიც ირწმუნებიან, რომ რუსი ჯარისკაცები დაატყვევეს, აცხადებენ, რომ ტყვეებს უკრაინას გადასცემენ.

მანამდე, რუს მებრძოლთა აღნიშნულმა ჯგუფებმა ბელგოროდის გუბერნატორთან შეხვედრა მოითხოვეს, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ ვიაჩესლავ გლადკოვს „არ ეყო სიმამაცე, თავისი ძვირფასი დრო ტყვეების სიცოცხლეზე გაეცვალა“ და მოლაპარაკებებზე არ მივიდა.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც აღნიშნულია, რომ გადაწყვიტეს დატყვევებული ჯარისკაცები „უკრაინულ მხარეს გაცვლის პროცედურისთვის“ გადასცენ.

ჯგუფი არ აკონკრეტებს, რამდენი ჯარისკაცი ჰყავთ ტყვედ აყვანილი.