“უკრაინელებმა რუსების საბრძოლო მასალის საცავები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, დრონები და სამიზნეები გაანადგურეს” – ომის 449-ე დღე

89
spot_img

რუსეთ – უკრაინის ომის 449-ე დღეს, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოწინააღმდეგის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 20 დარტყმა მიაყენა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინამ მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებს 8 ავიადარტყმა მიაყენა.

გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის კუთვნილი Orlan-10 ტიპის ორი სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.

ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსების სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ექვს ტერიტორიას, საბრძოლო მასალების ორ საცავს, საწვავი და საპოხი მასალების ორ საცავს, საარტილერიო დანადგარს, საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას და კიდევ ორ მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს.

უკრაინელებმა კი. კიევის საჰაერო სივრცეში რუსული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა და დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში მტრის ყველა სამიზნე აღმოჩენილი და განადგურებულია! საბოლოო მონაცემებს რაკეტების რაოდენობის, ტიპისა და უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ საჰაერო ძალები მალე გაავრცელებენ“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა დედაქალაქს Tu-95MS და Tu-160 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, სავარაუდოდ, X-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. რაკეტების გაშვების შემდეგ კი დედაქალაქის თავზე სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები განათავსეს.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა დედაქალაქის დესნიანსკისა და დარნიცკის რაიონებში. დარნიცკის რაიონში თავდასხმის შედეგად ავტოფარეხის კოოპერატივის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.