“უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკში 4 რაკეტა და 15 დრონი ჩამოაგდეს” – ომის 453-ე დღე

86
spot_img

ომის 453-ე დღეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე 4 ფრთოსანი რაკეტა და 15 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დნეპრის რაიონში სამაშველო განყოფილების რამდენიმე შენობა დაზიანდა და 27 წლის მამაკაცი დაშავდა.

„ორი ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. განადგურდა 10-ზე მეტი სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი, დაზიანდა ამდენივე სპეცტექნიკა. ასევე დაზიანდა 25 კერძო ავტომობილი და 2 ავტობუსი“, – განაცხადა ლისაკმა.

მისი თქმით, რუსებმა ასევე დაარტყეს კერძო საწარმოს დნეპრში, რის შედეგადაც 3 შენობა დაზიანდა. სინელნიკოვის რაიონში კი თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

„დაზიანდა 3 კერძო სახლი და 9 საცხოვრებელი კორპუსი, ასევე საბავშვო ბაღი, მაღაზიები და ადმინისტრაციული შენობები”, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა და დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში აფეთქებების ხმები გაისმა.

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით 37 შეტაკება მოხდა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსული ძალები ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე.

„გასული დღის განმავლობაში ფრონტის მითითებულ სექტორებში 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან. ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა სცადეს დაკარგული პოზიციების აღდგენა ივანოვსკოეს დასახლების სამხრეთით“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 6 სარაკეტო და 52 საჰაერო დარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 65 ჯერ გახსნა.

„თავდასხმების შედეგად დანგრეული და დაზიანებული კერძო საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის ქალაქებზე ლიმანზე, სლავიანსკსა და კონსტანტინოვკაზე თავდასხმისთვის მტერმა კვლავ გამოიყენა S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომლებიც არ არის მაღალი სიზუსტის იარაღი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის ტერორის ტაქტიკას“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.