“უკრაინას უფრო ეფექტიანი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები სჭირდება”- ზელენსკი

96
spot_img

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აუცილებელია ჰაერში რუსეთის უპირატესობის დასრულება. მისი თქმით, უკრაინას უფრო ეფექტიანი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები სჭირდება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„რუსეთი ცას აკონტროლებს. მოგვეცით საშუალებები, რომ მას ცაში კონკურენცია გავუწიოთ. ამერიკულ F-16 ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ასევე აუცილებელია დრონები და დრონების საწინააღმდეგო საშუალებები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჰაერში პარიტეტის არსებობის შემდეგ უკრაინის ძალები წარმატებით შეძლებენ შეტევითი ოპერაციების განხორციელებას. „ჩვენ რუსების მსგავსად ასე შტურმებს ვერ მოვაწყობთ, ჩვენს ჯარისკაცებს ვუფრთხილდებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი ზალუჟნის განცხადებებზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ფრონტზე არსებული სიტუაცია შეიძლება შეფასდეს, როგორც ჩიხი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოწინააღმდეგეს ჰქონია, რომ უკრაინის დამარცხებას შეძლებს, მაგრამ ასე არ არის და სიტუაცია ჩიხში არ შესულა.

მან ასევე შეუძლებელი უწოდა რუსეთთან მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობას. „ტერორისტებთან არანაირი დიალოგი არ იქნება, მათ სიტყვებს ფასი არ აქვთ, მათ მხოლოდ ჩვენი განადგურება სურთ. გათახსირებულ ტერორისტ პუტინს ჩვენს დამოუკიდებლობას არ ჩავაბარებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში აგრესორთან ბრძოლას გააგრძელებს.