უკრაინას მუდმივად აქვს ჩვენი მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას თვალში არ მოსდის საქართველოს ხელისუფლება. ეს არაფერს ცვლის ამ მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
ცაგარეიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე რატომ არ იმყოფება კიევში ქართული მხარე, ასევე, არ ავრცელებენ მისალოც განცხადებებსაც?“
გია ცაგარეიშვილის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მისალოცი მიმართვა, აგრეთვე გავრცელდება სხვა განცხადებებიც.
„საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ხომ მოისმინეთ, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს ამ ქვეყანას. მერე რა, რომ უამრავი აზრთა სხვაობა გვაქვს, მათ შორის, ჩემი არჩეულიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ის, რომ ბოლო ხანს სხვანაირად მსჯელობს და ფიქრობს ხოლმე, ვიდრე ჩვენ, არ ნიშნავს, რომ მე ან ვინმეს რაიმე სახის უფლება აქვს, ამ ქვეყნის არალეგიტიმურ წარმომადგენლად აღიაროს, ეს ხომ სისულელე იქნება? ამგვარი სიბრიყვე რომ ვინმე ჩვენგანმა თქვას, ამას ხომ არცერთი წამი არ დაიჯერებთ? ასე რომ, ის არის საქართველოს პრეზიდენტი და ის ამ ფორმატში, როგორც შარშან, ისე წელს მონაწილეობდა დისტანციურად, ეს მისი უფლებაა. აქამდე და ამის შემდეგაც საქართველო იქნება უკრაინის გვერდით, მიუერთდება ყველა იმ განცხადებას, რომელიც გამოქვეყნდება და რომელიც მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის წარმატებას ამ სამამულო ომში, რომელსაც აწარმოებს პუტინის რეჟიმთან და რუსულ აგრესიულ სამხედრო მანქანასთან. ეს მხარდაჭერა შეუქცევადი იქნება. ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ ჰააგის სისხლის საერთაშორისო ტრიბუნალში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს, რამდენიმე ქვეყანა იყო მხარდამჭერი, ჩვენ თანასპონსორები ვიყავით. ბევრმა ეს ვერ გაბედა, ჩვენ ეს გავაკეთეთ, პირველ რიგში, უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის, იმ გმირების სულთა მოსახსენიებლად, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს თავი. ეს არის ჩვენი ორმაგი პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობით მომავალშიც გავაგრძელებთ მოქმედებას. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას მუდმივად აქვს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას თვალში არ მოსდის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. ეს არაფერს ცვლის ამ მხარდაჭერაში. ვაგრძელებთ მეგობრობას, მერე რა, რომ ეს ამ ეტაპზე შეიძლება, ცალმხრივად ჩანდეს მათი მხრიდან. ელჩებიც დაბრუნდებიან დედაქალაქებში, ეს ურთიერთობებიც აღდგება და დალაგდება, რადგან ყველაფერი წარმავალია და ერებს შორის მეგობრობა რჩება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მილოცვის მიმართვა, მათ შორის საქართველოს მთავრობის სახელით. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის უკანა ეზო ამ ქვეყნის და ამ მთავრობის, ეს არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მათ შორის, თქვენიც. ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტოს ოფიციალური განცხადება არის საქართველოს მთავრობის განცხადება. იქნება სხვა განცხადებებიც, დაელოდეთ და გაეცანით“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.