უკრაინამ 7 ოლქში რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდო

17
spot_img

რუსულმა ძალებმა 18 აპრილის ღამეს უკრაინის მასშტაბით Shahed-131/136 ტიპის 13 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.

ნიკოლაი ოლეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინის ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, პოლტავას, ხმელნიცკის, ტერნოპოლისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში ცამეტივე დრონი ჩამოაგდეს.