“უკრაინა თავს მარტოდ გრძნობს, როდესაც ხედავს, როგორ იცავს აშშ-ის კოალიცია ისრაელს” – The Washington Post

35
spot_img

როდესაც ირანმა ასობით რაკეტა და დრონი გაუშვა ისრაელის მიმართულებით, ისრაელი დაეყრდნო მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც უკრაინას ჯერ კიდევ არ აქვს: მყისიერი, პირდაპირი დახმარება აშშ-ისა და სხვა პარტნიორებისგან, რომლებსაც რეგიონში სამხედრო აქტივები აქვთ, – წერს ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი სტატიაში სათაურით უკრაინა თავს მარტოდ გრძნობს, როდესაც ხედავს, როგორ იცავს აშშ-ის კოალიცია ისრაელს.

„ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, უკრაინა რუსული სარაკეტო და დრონების თავდასხმების სამიზნეა, მათ შორის ხშირად ირანული წარმოების დრონების, როგორიც ირანმა შაბათს ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენა. როგორც ფარი, უკრაინა ეყრდნობა დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს. მიმდინარე თვეში უკრაინის ყველაზე დიდი ელექტროსადგური განადგურდა. ხშირია სამოქალაქო მსხვერპლიც. ამის საპირისპიროდ, მაშინ, როდესაც ირანიდან, ერაყიდან, სირიიდან და იემენიდან გაშვებული რაკეტები ისრაელში მდებარე სამიზნეებისკენ მიემართებოდა, აშშ-ის ძალები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. ისრაელის „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემასთან ერთად მათ ჩამოაგდეს 300 რაკეტისა და დრონის დაახლოებით 99 პროცენტი და თავიდან აიცილეს დიდი ზიანი“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რეაგირებაში შეუსაბამობა უკრაინელი დამკვირვებლებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა.

მხოლოდ გასულ კვირას რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გაუშვა 130 ირანული წარმოების დრონი, 80 რაკეტა და 700 მართვადი საჰაერო ბომბი. უკრაინა დაეყრდნო საკუთარ ძალებსა და საბრძოლო მასალის შემცირებულ მარაგს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მყისიერმა საერთაშორისო რეაქციამ ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე დაამტკიცა, რომ თანამედროვე საჰაერო თავდაცვას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა და რომ ასეთი თავდაცვა შესაძლებელია.

„და როდესაც უკრაინა ამბობს, რომ მისმა მოკავშირეებმა არ უნდა დახუჭონ თვალი რუსულ რაკეტებსა და დრონებზე, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა მოქმედება, გაბედული მოქმედება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

თუმცა, ვინაიდან კონგრესში 60 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი შეჩერებულია, უკრაინას ეწურება საბრძოლო მასალა და სხვა მარაგი, რომელიც საჭიროა საჰაერო თავდასხმებისგან საკუთარი თავდაცვის შესანარჩუნებლად.

„მაშინაც კი, თუ თქვენ არ შეგიძლიათ იმოქმედოთ ისე, როგორც ისრაელის შემთხვევაში მოქმედებთ, მოგვეცით ის, რაც გვჭირდება და ჩვენ გავაკეთებთ დანარჩენ საქმეს“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ სჭირდებათ Patriot-ის 26 სისტემა, რომელთაგან თითოეული მილიარდ დოლარზე მეტი ღირს, რათა დაფარონ მთელი ქვეყანა.