“უკრაინა შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას” – არჩილ თალაკვაძე

86
spot_img

საქართველო ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად და იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიანი დღეები უკრაინაში მალე დაბრუნდება, უკრაინა შეძლებს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით იმარჯვებენ მთელი რიგი ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველი, უკრაინა და მოლდოვა წარმოადგენენ ასოცირებულ ტრიოს და აქვთ საერთო მიზნები ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, საერთო მიზნები ევროპული უსაფრთხოების არქიტექტუტის დაცვასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. რაც შეეხება ჩვენს მეგობრობასა და ურთიერთობას, მივესალმებით თითოეული ქვეყნის პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, თითოეული ქვეყნის გამარჯვებას, წარმატებას და ბუნებრივია, მათგანაც არის ანალოგიური დამოკიდებულება. ჩვენ უკრაინასთან გვაკავშირევს ძალიან ხანგრძლივი მეგობრობა და მომავალშიც ასე იქნება. უკრაინაში არის ომი, რუსეთი ახორციელებს სამხედრო აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების წინააღმდეგ, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი დასავლეთის, ჩვენი საერთო მხარდაჭერით უკრაინამ შეძლოს თავისუფლების დაცვა, შეძლოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თავად იყოს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილების მიმღები“, – განაცხადა თალაკვაძემ.