“უკრაინა რუსეთთან ომის კრიტიკულ მომენტში იმყოფება და სასწრაფოდ სჭირდება დასავლეთისგან მეტი მხარდაჭერა”

20
spot_img

უკრაინა რუსეთთან ომის კრიტიკულ მომენტში იმყოფება და სასწრაფოდ სჭირდება დასავლეთისგან მეტი მხარდაჭერა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საფრანგეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

„აუცილებელია, უკრაინელებს მივაწოდოთ ის, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალას და საჰაერო თავდაცვას. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შესრულდეს დამატებითი დახმარების შესახებ მოთხოვნა, რომლითაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს მიმართა“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დახმარებას თუ არ მიიღებს, მათ მოუწევთ უკან დახევა „მცირე ნაბიჯებით“.

ამასთან, ენტონი ბლინკენი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრამდე მოლაპარაკებებს გამართავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სტეფან სეჟურნესთან. როგორც ფრანგი დიპლომატები აცხადებენ, მათ სურთ, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო კონსენსუსის მისაღებად გაერო-ში ძალისხმევა გააძლიერონ.