უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა მცხეთა-მთიანეთში, დატბორილია სახლები, გზები და საკარმიდამო ნაკვეთები, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა

18
spot_img

უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები.

მცხეთის მერიის ინფორმაციით კი, წყალდიდობამ პრობლემები შექმნა ცხვარიჭამიის, ლისის, ძეგვის, ნიჩბისის, ძალისის წეროვნის და ნავდარაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში.

“სტიქიის ზონებში იმყოფებიან თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ შორის წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. ადგილზე ასევე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მათ მოსახლეობასთან შექმნილი საჭიროებების შესახებ აქტიური კომუნიკაცია აქვთ”, – აღნიშნულია მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.