უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთან, გადავწყვიტეთ, არ დაგვეპატიჟებინა პრეზიდენტი – ვახტანგ გომელაური

98
spot_img

უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთან, გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვეპატიჟებინა ქალბატონი პრეზიდენტი, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის განმარტებით, პრეზიდენტი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს, რადგან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც პოლიციელს „ცოცხლად წვავდა“.

„იცით თუ რა გადაწყვეტილებაც მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა. მე ვფიქრობ, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდეთ და ისევ ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდით.

მე არ მაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, რომ დავპატიჟო პრეზიდენტი, არც კანონითაა ვალდებულება. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტმა შეიწყალოს პოლიციელის მკვლელი. მკვლელობის მცდელობაზე იყო ხომ? ცოცხლად წვავდა. აქედან გამომდინარე უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, მათ შორის პოლიციელებთანაც გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვეპატიჟებინა ქალბატონი პრეზიდენტი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, გომელაურის თქმით, ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ ელჩებიც, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო მოსვლა ვერ მოახერხეს და ღონისძიებას მათი წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ელჩები ყველა მოწვეული იყო. დარეკეს პროტოკოლში და ზოგს არ ეცალა, ზოგი ვერ იყო კარგად, ზოგი გაციებული იყო, როგორც თქვეს და მოადგილეები მოვიდნენ, მათი წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ როგორც ვიცი“, – განაცხადა გომელაურმა.