ცურვა, ჯომარდობა, ლაშქრობები უფასოდ – როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მერიის საზაფხულო პროგრამებზე

78
spot_img

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური მხარდაჭერით, საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება.

თემატურ საზაფხულო სკოლებში, ბანაკებში და სალაშქრო ტურებში მონაწილეობა სტუდენტებს და 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

თემატური საზაფხულო სკოლები და ბანაკები ტექნოლოგიების, მეწარმეობის, ინჟინერიის, არქიტექტურის, დიზაინის, მოხალისეობისა და სახელოვნებო მიმართულებით იგეგმება, სალაშქრო ტურები კი თბილისის გარშემო არსებულ სალაშქრო მარშრუტებზე განხორციელდება, სადაც მონაწილე ახალგაზრდები პროფესიონალი გიდებისა და ინსტრუქტორების მომსახურებით ისარგებლებენ.

საზაფხულო სკოლების და ბანაკების განხორციელების პერიოდია 2018 წლის 20 ივლისი – 15 სექტემბერი, ხოლო ლაშქრობების – 2018 წლის 25 ივლისი – 30 სექტემბერი.

საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარებასთან ერთად ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. საზაფხულო პროგრამებში ჯამში 2000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

საზაფხულო სკოლების, ბანაკების და ლაშქრობების შესახებ დეტალური ინფორმაცია, განმახორციელებელი ორგანიზაციები, პროგრამა, ლოკაციები, ნაკადების განრიგი და ელექტრონული რეგისტრაციის პირობები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.youth.municipal.gov.ge