“ცივი ომის შემდეგ რუსეთთან უფრო მშვიდობიანი ურთიერთობები გვინდოდა, ეს იმედები გაქრა საქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში პუტინის აგრესიული ქცევის გამო”-სტოლტენბერგი

105
spot_img

ცივი ომის შემდეგ ჩვენ, ყველას რუსეთთან უფრო მშვიდობიანი ურთიერთობები გვინდოდა და ამისთვის ვმუშაობდით კიდევაც. თანდათან ეს იმედები გაქრა საქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში პრეზიდენტ პუტინის აგრესიული ქცევის გამო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ დაამსხვრია რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ყველა დარჩენილი ილუზია. ასე რომ, ჩვენ ისტორიის გარდამტეხ მომენტში ვართ.

კიდევ ერთი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ რუსეთის აგრესია ნატო-ში არ გაგვიკვირდა, რადგან ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომაზე ჩვენ გვქონდა რუსული სამხედრო გაძლიერების შესახებ დაზვერვის ზუსტი მონაცემები. ასე რომ, როდესაც რუსეთი შეიჭრა, ჩვენ კარგად ვიყავით მომზადებული და გავააქტიურეთ ჩვენი თავდაცვის გეგმები, განვათავსეთ მეტი ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მივეცით ჩვენს უზენაეს სარდალს მეტი უფლებამოსილება, რადგან მზად ვიყავით და ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი იმ დილითვე გავაკეთეთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, უკრაინაში შეჭრა გეგმის ნაწილია.

„ჩვენ ასევე მზად ვიყავით, რადგან უკრაინაში შეჭრა სრული გეგმის ნაწილია. ჩვენ ალბათ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ამ გეგმის განხორციელება ჩეჩნეთიდან დაიწყო, მაგრამ სულ მცირე, 2008 წელს საქართველოდან, როდესაც ისინი საქართველოში შეიჭრნენ. შემდეგ სასტიკი ომი სირიაში. შემდეგ კი ომი უკრაინაში, რომელიც გასული წლის თებერვალში არ დაწყებულა. ის დაიწყო 2014 წელს.

სწორედ მაშინ აიღეს ყირიმი და რამდენიმე თვის შემდეგ შევიდნენ აღმოსავლეთ დონბასში. ასე რომ, ამ გეგმამ გამოიწვია ნატო-ს 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი გაძლიერება, მეტი ჯარით, მეტი თავდაცვითი ხარჯებით, მეტი მზადყოფნით, რადგან ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძალიან მკაფიო მესიჯი პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩვენ იქ ვართ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დასაცავად“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.