“წინასაახალწლოდ კალაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქალაქს მოუწყვეს უმძიმესი დღე” – საბა ბუაძე

12
spot_img

ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი პროექტი ამ ქალაქის ბოლო წლების ისტორიაში. „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ ორი 50-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა იქნება ჩვენი ქალაქის ისტორიულ იერსახეში წარუშლელი, უდიდესი ზიანი, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საკრებულოს წევრმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან საკრებულოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროექტი ყველა არგუმენტის მიუხედავად დამტკიცდა, რაც ნიშნავს იმას, რომ „პარტიული და კორუფციული ინტერესი უპირატესია ამ ხელისუფლებისთვის“.

„წინასაახალწლოდ კალაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქალაქს მოუწყვეს უმძიმესი დღე. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი პროექტი ამ ქალაქის ბოლო წლების ისტორიაში და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ ორი 50-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა იქნება ჩვენი ქალაქის ისტორიულ იერსახეში წარუშლელი, უდიდესი ზიანი. ეს არის პროექტი, რომელიც მთლიანობაში შეიცავს ძალიან ბევრ რისკს. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას და თბილისის მერს ეს არ აინტერესებს, ვინაიდან ამ ტრანზაქციიდან შემოსავალი მიიღო ივანიშვილმა. ამ ტრანზაქციიდან, დიდი ალბათობით, იხეირეს ასევე თავად მერიის წარმომადგენლებმა, ვინაიდან, სწორედ კორუფციაა, რაც ამ ქალაქში იწვევს ამ დამანგრეველ გადაწყვეტილებებს და ეს უნდა დასრულდეს, მაგრამ ვერ დასრულდება ამ ხელისუფლების არჩევნების გზით ჩამოშორების გარეშე. ეს არის მართლაც შავი დღე ჩვენი ქალაქის ისტორიაში, როდესაც ჩვენი ქალაქის ისტორიულ ნაწილში მოხდა ამ სავალალო პროექტის დამტკიცება, რომელსაც თან ახლავს უდიდესი რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით, სატრანსპორტო თვალსაზრისით და ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით. ეს პროექტი ყველა არგუმენტის მიუხედავად დამტკიცდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტიული და კორუფციული ინტერესი უპირატესია ამ ხელისუფლებისთვის“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.