სამწუხაროდ, დღეს რომ ოპოზიციად გვევლინებიან, ის ადამიანები იყვნენ, ვინც რაჭის მოსახლეობას ადგილობრივი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საშუალება, ფაქტობრივად, წაართვა – ეს არის ხიდაშელის „დასაჩუქრება“, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ აგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ საქართველოს ბუნებრივი რესურსებით ისარგებლოს და აქედან შემოსავალი მიიღოს.
დოლიძის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაჭის ბუნებრივი რესურსებია, რომელსაც ადგილობრივებს, ფაქტობრივად, ართმევენ და ამ წართმევის გაფორმება წინა პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ მოხდა.
„ჩვენი პარტია აქტიურად მუშაობს, რომ თითოეულმა მოქალაქემ მაქსიმალურად ისარგებლოს იმ მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, რაც საქართველოს აქვს. ჩვენი ქვეყნის პოტენციალი ნამდვილად იძლევა საშუალებას, რომ ყველამ – იქნება ეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი, თუ ფერმერი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობიდან შემოსავალი მიიღოს და ლუკმა-პურისთვის ქვეყნიდან გადახვეწა აღარ მოუწიოს. ჩვენ მოქალაქეებს სისტემურ სიახლეს ვთავაზობთ. ვეუბნებით, რომ ერთპიროვნული დამალული გარიგებები და საქართველოს ბუნებრივი რესურსების ასე განკარგვა, რაც ახლა ხდება, მომავალში აღარ იქნება.
სამწუხაროდ, დღეს რომ ოპოზიციად გვევლინებიან, ის ადამიანები იყვნენ, ვინც რაჭის მოსახლეობას ადგილობრივი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საშუალება, ფაქტობრივად, წაართვა. მე გამოვაქვეყნე დოკუმენტი, განკარგულება, რომლითაც 10 ათასობით ჰექტარზე ლიცენზიის ექსკლუზიურად გადაცემა დასტურდება და ამ განკარგულებას ხელს აწერს მაშინდელი პრემიერი გიორგი გახარია. ეს ყველაფერი კი ბიძინა ივანიშვილთან და ასევე პუტინის გარემოცვასთან დაახლოებულ ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს გადაეცა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ხიდაშელის „დასაჩუქრება“, ისიც გვახსოვს, რომ ეს „კარის ბიზნესმენი“ ე. წ. „ოქროს მოწმე“ იყო „კარტოგრაფების საქმეზე“.
გახარიას მიერ კი, განკარგულების ხელმოწერა ნიკა მელიას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, ანუ იქამდე, სანამ გახარია გადადგებოდა. ეს კიდევ დამატებით შეკითხვებს აჩენს.
ახლა, მთავარი ამოცანაა, საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ შემდეგი ხელისუფლება ისეთ სისტემას შექმნის, რომ თქვენი კუთვნილი მიწა, წლები რომ ამუშავებთ, თქვენი კუთვნილი ბუნებრივი რესურსები თქვენ გარდა, ვეღარავინ განკარგოს“, – აცხადებს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.