ცესკო საგარეო სამინისტროსთან ერთად გეგმავს, აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით -საგარეო უწყება

21
spot_img

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საგარეო სამინისტროსთან ერთად გეგმავს აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ამასთან, უწყების ცნობით, საკონსულო თანამდებობის პირები მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს, დიასპორასთან შეხვედრაზე, სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, მუდმივად ცდილობენ მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებულად გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქისათვის რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს არ უკავშირდება.

ეს არის პასუხი, რომელიც პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილისგან საინტერპელაციო კითხვაზე წერილობითი ფორმით მიიღეს. კერძოდ, ოპოზიციის ინფორმაციით, ემიგრანტების უმეტესობა ინფორმირებული არ არის, რომ უცხო ქვეყანაში არჩევნებში რეგისტრაცია მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის ხდება და ის ამა თუ იმ ქვეყანაში ამა თუ იმ პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. პარლამენტის წევრებმა საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართეს საინტერპელაციო კითხვით, უწარმოებია თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია ან გაუკეთებია თუ არა აქამდე განცხადება იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში ჩართვა მათ სამართლებრივ მდგომარეობას საფრთხეს არ უქმნის და არის თუ არა გეგმაში ამგვარი კამპანიის წარმოება.

პასუხად ილია დარჩიაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, საინფორმაციო კომპანიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე სპეციალური საძიებო ველი ამოქმედდა, რომლის მეშვეობით მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი გადაემოწმებინათ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის შექმნას.

როგორც უწყება განმარტავს, “საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის“ თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირთა საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზანია საზღვარგარეთ მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა და საკონსულო ფუნქციების ეფექტური განხორციელება, რაც მხოლოდ საარჩევნო უფლების რეალიზაციის ხელშეწყობით არ შემოიფარგლება.

“საკონსულო აღრიცხვის მონაცემები გამოიყენება, გლობალური, რეგიონალური ან ადგილობრივი კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს მოქალაქეების ეფექტური საკონსულო დაცვის უზრუნველსაყოფად. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ საკონსულო აღრიცხვა განკუთვნილია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებისთვის. მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ხდება კონკრეტული საკონსულო ოლქის ფარგლებში.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არის ნებაყოფლობითი. სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით (www.geoconsul.gov.ge), ისე ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში, პირადი გამოცხადების გზით ან განაცხადის საფოსტო გზავნილით გაგზავნის მეშვეობით. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის არ არის დაწესებული საკონსულო მოსაკრებელი და შესაბამისად, მომსახურება უფასოა“, – ნათქვამია მინისტრის წერილობით პასუხში.

ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2023 წელს აწარმოა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის შესახებ, რომელმაც ასიათასობით მოქალაქე მოიცვა. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას, როგორც პორტალის, ასევე ზოგადად საკონსულო სერვისების, მათ შორის საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კიდევ ერთ საინტერპელაციო კითხვას, იგეგმება თუ არა დამატებითი საკონსულოების შექმნა, რათა საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გაიხსნას და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის ათასობით კილომეტრის გავლა არ მოუწიოს, დარჩიაშვილის განმარტებით, საკონსულო დაწესებულების გახსნის საკითხი კომპლექსურ საკითხს წარმოადგენს, რომლის განხილვისას, მხედველობაში მიიღება მასპინძელი ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებები, ადგილსამყოფელი ქვეყნის რეგულაციები და სხვა საკითხები. საინტერპელაციო კითხვაზე პასუხად აღნიშნულია ისიც, რომ შესაძლოა განსხვავდებოდეს გადაწყვეტილების მიღების ვადები, დაწესებულების ადგილსამყოფელის შერჩევის წესები და სხვა.

“საარჩევნო უბნის შექმნის ზოგადი პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით შეიყვანება რეგისტრაციის მისამართის მიხედვით. უცხოეთში მყოფი ამომრჩევლებისთვის მათი რეგისტრაციის მისამართი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, არის საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი. ამრიგად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან/და საკონსულო დაწესებულებებში, მსგავსად მსოფლიოს არაერთი ქვეყნისა“, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

აღნიშნულ თემაზე კითხვებს ხვალ, 22 მარტს ილია დარჩიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხებს.