“წარმოვადგენ ხალხს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ფართო კონსენსუსს, თანხმობაში ვარ ხალხთან, კონსტიტუციასთან და საერთოდ არ ვარ მარტო”

176
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან არავის სურს მოსკოვისთვის არასწორი სიგნალების გაგზავნა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის კრიტიკული დროა, რადგან ქვეყანა ოქტომბერში ევროკომისიის შეფასებას ელოდება, დეკემბერში კი, ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის წევრობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაგვირგვინება იქნება.

„ეს იქნებოდა მთელი ამ პროცესის, გზის დაგვირგვინება, რომელიც საქართველომ გაიარა ევროპული ინტეგრაციის გზაზე და რომელსაც ქართული საზოგადოების 80 პროცენტი უჭერს მხარს. ეს მაჩვენებელი შეცვლილია წლებთან ერთად, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომის, ოკუპაციისა და ზეწოლის მიუხედავად. ვერაფერმა შეცვალა ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება, იაროს ევროპისკენ და მიიღოს ეს სტატუსი, რომელიც გახდება კიდევ ერთი ნაბიჯი  ევროკავშირის წევრობისკენ გრძელ გზაზე. ერთი ნაბიჯი, თუმცა ძალიან გადამწყვეტი იმ სიტუაციაში, რომელშიც ამჟამად საქართველო იმყოფება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეკითხვაზე, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ საქართველო ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, პრეზიდენტმა განაცხადა:

„მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვფიქრობ, რომ დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, არავის სურს მოსკოვისთვის არასწორი სიგნალების გაგზავნა, რადგან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება იქნებოდა მოსკოვისთვის ძალიან საშიში სიგნალის გაგზავნა იმის შესახებ, რომ საქართველო აღარ იმყოფება ევროპის ფიქრებში ან იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც ევროპული ინტეგრაციისკენ მიისწაფვიან, რა სიჩქარითაც არ უნდა ხდებოდეს ეს.

რუსეთმა უკვე დაიწყო უზარმაზარი ჰიბრიდული ზეწოლა საქართველოზე, კიბერთავდასხმებით, საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით, საქართველოში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები ჩამოდიან. რუსეთის 700 ათასმა მოქალაქემ, შესაძლოა, მეტმაც გაიარა საქართველოზე უკრაინაში ომის დაწყებიდან და 100 ათასზე მეტი ამ დრომდე საქართველოში რჩება. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა ჩვენი ქვეყნისთვის იმ ქვეყნიდან, რომელსაც ამ დრომდე ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ეს ძალიან დიდი უმცირესობა, რაც უკვე არის ზეწოლა. ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა ჩვენს ევროპულ გზაზე. ქართველმა ხალხმა მასობრივი დემონსტრაციები გამართა ევროკავშირის მხარდასაჭერად, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ რუსული ტიპის კანონის მიღების მცდელობის წინააღმდეგ, უკრაინისადმი სოლიდარობის მხარდასაჭერად. ეს ყველაფერი არის იმის დემონსტრირება, თუ რა სურს ქართველ ხალხს. და სწორედ ამიტომ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვფიქრობ, ჩვენი სამი ბალტიელი მეგობარი და სხვა პარტნიორები აღიარებენ ქართველი ხალხის ამ ძლიერ ნებას. ბალტიის ქვეყნები ყოველთვის მრავალი წლის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, რადგან ჩვენ ძალიან რთული საერთო წარსული გვაქვს საბჭოთა კავშირთან და რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს და თქვენც იცით, რას ნიშნავს ეს. ჩვენ ძალიან დაახლოებული ვართ ბალტიის ქვეყნებთან, რადგან ჩვენ ვაღიარებთ იმ მტკიცე მხარდაჭერას, რომელიც მათგან მივიღეთ ამ წლების განმავლობაში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტი ზურაბიშვილს ასევე მთავრობასთან ბოლოდროინდელ ურთიერთობებზე ესაუბრა და ჰკითხა, ხომ არ გრძნობს პრეზიდენტი თავს მარტოდ.

„არანაირად, რადგან მე ხალხმა ამირჩია და მას წარმოვადგენ. ვგრძნობ, რომ წარმოვადგენ მათ ევროპასთან დაახლოების სურვილს, რაც ჩვენი, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს ღირებულებაა და ეს არის ის, რასაც ვერავინ შეეწინააღმდეგება. მე ასევე წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსს. ვფიქრობ, ყველა ერთ ხაზზეა. ასევე საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ მე ყველაფერი უნდა გავაკეთო, რაც შემიძლია, რაც შეუძლია ყველა ინსტიტუტს, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზას. ასე რომ, მე ვარ თანხმობაში ხალხთან, კონსტიტუციასთან და საერთოდ არ ვარ მარტო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.