წაგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ საქართველოს ნაკრების თამაშით ვამაყობ -ვილი სანიოლი

65
spot_img

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი შეაფასა.

„შეუძლებელია, წაგებით კმაყოფილი და გახარებული ვიყო, მაგრამ ჩვენ დღეს არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით, ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და ჩემი გუნდით და ნაჩვენები თამაშით ვამაყობ. ბედნიერი ვარ, რა ფეხბურთიც ვითამაშეთ.

ევროპის ჩემპიონატზე თამაში დიდი გამოცდილებაა და განვითარებაში ეს მატჩები აუცილებლად დაგვეხმარება. ტურნირს ყველა ჩვენგანმა სხვა თვალით უნდა შევხედოთ – ესაა საქართველოსთვის ჯილდო, რომელიც მას განვითარებაში დაეხმარება.

ჯგუფიდან გასვლაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მთავარია კარგი მატჩები ჩავატაროთ. დარწმუნებული ვარ, შაბათსაც იგივე ფეხბურთს ვაჩვენებთ. რაც შეეხება მიქაუტაძეს, მან ისტორიული გოლი გაიტანა და მისი წარმატება მიხარია.

მოსაგებად, ალბათ, მაინც გამოცდილება დაგვაკლდა. მჯერა, რომ საქართველო მსგავს შეხვედრას მომავალში აღარ წააგებს, ჩვენ ეს მარცხი გამოცდილებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ფეხბურთელებზე მხოლოდ დადებითად შემიძლია ვილაპარაკო. ახლა უკვე შაბათს ჩეხეთთან გასამართ მატჩზე ვფიქრობთ.

ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე ვითამაშეთ, ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო. ეს გარემო ჯერ კიდევ „ბაიერნში“ თამაშის დროიდან მახსოვს. მინდა აღვნიშნო, რომ თამაშის წინ, საქართველოს ჰიმნის დროს თურქი ქომაგები უსტვენდნენ და ეს ნამდვილად არ იყო მოსაწონი საქციელი“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან გამართა. შეხვედრა 3:1 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.